ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ღირსეულად დაიკავებს ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო თანამდებობას და წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას
ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ღირსეულად დაიკავებს ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო თანამდებობას და წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას

ჩვენ ერთობლივი თანამშრომლობით, ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ იმ დიდ საქმეს და მოდერნიზაციის პროცესს, რომელიც დავიწყეთ თავდაცვის უწყებაში, ერთად გავაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ჩვენს საამაყო ჯარს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაზე განაცხადა.

თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილება დღეს გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასგან გადაიბარა.

„დღევანდელ დღეს ჩვენ ვაგრძელებთ იმ ტრადიციას, რომელიც თავდაცვის ძალებში ინსტიტუციონალურ განვითარებას უზრუნველყოფს. თავდაცვის ძალების დროშის გადაცემა სიმბოლურად გამოხატავს ჯარში თაობათა შორის არსებულ უწყვეტ კავშირს და ურთიერთპატივისცემას. ამ ტრადიციით ჩვენ მომავალ განვითარებას მიღწეულ წარმატებებზე ვაფუძნებთ. დღეს ჩვენ სამხედრო სამსახურიდან ვაცილებთ თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, რომლის ადგილს მისი მოადგილე, გენერალ- მაიორი გიორგი მათიაშვილი დაიკავებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონი გენერალი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან გახლავთ ქართულ ჯარში და მრავალი წლის განმავლობაში ემსახურება ჩვენს სახელმწიფოს. იგი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო მისიებში და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო სამსახურისთვის. ასევე, ვუსურვო მას წარმატება მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრი ასევე მიესალმა თავდაცვის ძალების ახალ მეთაურს და მას წარმატებები უსურვა.

„პატივისცემით მინდა, მივესალმო საქართველოს თავდაცვის ძალების ახალ მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს. გენერალი მათიაშვილი გამოირჩევა ევროპაში მიღებული უმაღლესი სამხედრო განათლებით, სამხედრო საქმის ღრმა ცოდნით, გონიერებითა და წესიერებით. იგი არის უმაღლესი დონის პროფესიონალი, რომელმაც თავისი ცხოვრება ადრეული წლებიდანვე დაუკავშირა სამხედრო სამსახურს. იგი სხვადასხვა მაღალ სამხედრო თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში. მჯერა, ღირსეულად დაიკავებს ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო თანამდებობას და წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენ ერთობლივი თანამშრომლობით, ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ იმ დიდ საქმეს და მოდერნიზაციის პროცესს, რომელიც დავიწყეთ თავდაცვის უწყებაში. ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ჩვენს საამაყო ჯარს. მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება ბატონ გენერლებს, სრულიად თავდაცვის ძალებს და თითოეულ ჯარისკაცს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.