ირაკლი ღარიბაშვილი - მე ვისურვებდი, უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს აშშ-ის ელჩის მისამართით, კითხვები თუ არსებობს, კი ბატონო, დავსვათ, მაგრამ არ შეიძლება, ზომიერება დავარღვიოთ
ირაკლი ღარიბაშვილი - მე ვისურვებდი, უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს აშშ-ის ელჩის მისამართით, კითხვები თუ არსებობს, კი ბატონო, დავსვათ, მაგრამ არ შეიძლება, ზომიერება დავარღვიოთ

მე ვისურვებდი, უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს აშშ-ის ელჩის მისამართით, თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, დავსვათ, მაგრამ არ შეიძლება, ზომიერება დავარღვიოთ, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების და მისი პირადი ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ, განამტკიცონ და გააძლიერონ ურთიერთობები აშშ-სთან და ევროკავშირთან.

„როგორც მთავრობის მეთაური და „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ვაცხადებ და ყოველთვის მითქვამს ამის თაობაზე – ჩვენი ვალდებულება და ჩემი პირადი ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან, ევროკავშირთან, ევროპულ სახელმწიფოებთან, ყველასთან და არა მხოლოდ მათთან. რეგიონში ჩვენ ყველასთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა.

ჩემი პოზიცია არის მარტივი და ერთმნიშვნელოვანი. აქ არავითარი სპეკულაციის მიზეზი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა. ეს ურთიერთობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, მიუღებელია, მე ამის თაობაზე ვთქვი კიდეც. მიუღებელია პირადად ჩემთვის, მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე აშშ-ის ელჩის მისამართით. მე ასე მიმაჩნია, ეს ჩემი აზრია. კითხვები თუ არსებობს, კი ბატონო, დავსვათ, მაგრამ რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ზომიერება დავარღვიოთ. პატარა სახელმწიფო ვართ, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხით. ერთი უძველესი ერი ვართ, 3 000 წელზე მეტი ისტორიით, ჩვენი კულტურით, ცივილიზაციით, ენით, სარწმუნოებით და ჩვენ გვჭირდება ძალიან პრაგმატული, გონივრული, ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება. ეს არის ჩემი პოზიცია. შეიძლება, განსხვავებები მქონდეს ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან, შეიძლება, სხვაც არ მეთანხმებოდეს, სხვას უფრო მეტად სხვა აზრები ჰქონდეს, ეს ყველა ადამიანის დემოკრატიული კონსტიტუციური უფლებაა. ამიტომ, ნურავის განვიკითხავთ, გავკიცხავთ, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი. ვისაუბროთ, დებატები გავმართოთ, ერთმანეთს საწინააღმდეგო აზრები გავუზიაროთ, მაგრამ არ შეიძლება, ასეთი შეურაცხყოფების მიყენება, ეს არის დაუშვებელი. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის დამყარება“, – აღნიშნა პრემიერმა.