ირაკლი ღარიბაშვილი - მარნეულში ახალაშენებული, ევროპული სტანდარტების სკოლა დავათვალიერეთ, რომელიც შარშან გაიხსნა და დაახლოებით ოთხი მილიონი ლარი დაჯდა
ირაკლი ღარიბაშვილი - მარნეულში ახალაშენებული, ევროპული სტანდარტების სკოლა დავათვალიერეთ, რომელიც შარშან გაიხსნა და დაახლოებით ოთხი მილიონი ლარი დაჯდა

მარნეულში ახალაშენებული, ევროპული სტანდარტების სკოლა დავათვალიერეთ, რომელიც შარშან გაიხსნა და დაახლოებით ოთხი მილიონი ლარი დაჯდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის რაიონში, სოფელ ქუთლიარში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სადაც ახალი სკოლა დაათვალიერა.

ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 150-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა განხორციელდა და ეს პროცესი გრძელდება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკოლების მოწყობა, მათი აღჭურვა, რადგან ასეთი გარემო თავისთავად იქონიებს დადებით შედეგს მოსწავლეებზე და ამისთვის მთავრობა და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს.

„ვაგრძელებ რეგიონებში ვიზიტებს და პირადად ვეცნობი რეგიონებში მიმდინარე სამუშაოებს, რომელიც აქტიურ ფაზაშია ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ მარნეულში რამდენიმე ობიექტი მოვინახულეთ და დავათვალიერეთ ახალაშენებული სკოლა, რომელიც შარშან გაიხსნა და დაახლოებით ოთხი მილიონი ლარი დაჯდა. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ მარნეულში რვა ახალი სკოლა აშენდა, ახლა შვიდი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს და ჯამში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 150-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა განვახორციელეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, გამოწვევა არის კიდევ უფრო დიდი, ვინაიდან 800 სკოლა გასარემონტებელი გვაქვს. ამ სტანდარტში არის მოსაქცევი ყველა სკოლა, რომელიც გვინდა, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას გავუკეთოთ. განათლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკოლების მოწყობა, მათი აღჭურვა. ბუნებრივია, ასეთი გარემო თავისთავად იქონიებს დადებით შედეგს ჩვენს ბავშვებზე, მოსწავლეებზე და რა თქმა უნდა, ამისთვის მთავრობა და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.