ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებსა და ლიეტუვისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრეს.

„ირაკლი ღარიბაშვილი გაბრიელიუს ლანდსბერგისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ესაუბრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შესატანად ემზადება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა აფასებს ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად.

„პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვას კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის აღმოჩენილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მეგობარი სახელმწიფოს მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის პროცესში, ვინაიდან ვაქცინაციასა და სახელმწიფოების ერთობლივ ძალისხმევას პანდემიის დამარცხების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.