ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დადასტურდა ორმხრივი მზაობა, გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი.

აღინიშნა ლატვიის მხარდაჭერისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის კონსოლიდაციის მნიშვნელობა, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატო-ს მომავალ სამიტებზე სათანადოდ იყოს შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლატვიის პრეზიდენტს ვაქცინების გადმოცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობის მნიშვნელობას ერთობლივი მიზნის მიღწევაში, როგორიცაა პანდემიის დამარცხება.

საუბარი შეეხო თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ლატვიის მხარდაჭერას საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელების პროცესში. ამ კონტექსტში აღინიშნა თანამშრომლობა განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს საქართველოს ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებსა დ პრაქტიკასთან დაახლოებას.

გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, რაც ხელს შეუწყობს პოსტპანდემიური გამოწვევების გადალახვას და ეკონომიკურ ზრდას. პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და აღინიშნა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომის მოკლე ვადებში გამართვის მნიშვნელობა. მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, რაც კარგი საფუძველია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. შეხვედრისას, ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ლატვიის მხარდაჭერა დაადასტურა.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.