ირაკლი ღარიბაშვილი - გვჭირდება ქმედების დანახვა ახლა და დღეს, კითხვა არის შემდეგი, ვეტყვით ჩვენს ხალხს, რომ საქართველო მიიღებს პოლიტიკურ დეკლარაციას, თუ უნდა ავუხსნათ, რომ ახლა არ არის სწორი დრო
ირაკლი ღარიბაშვილი - გვჭირდება ქმედების დანახვა ახლა და დღეს, კითხვა არის შემდეგი, ვეტყვით ჩვენს ხალხს, რომ საქართველო მიიღებს პოლიტიკურ დეკლარაციას, თუ უნდა ავუხსნათ, რომ ახლა არ არის სწორი დრო

ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ ხალხის მოლოდინები, ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს იდეას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, მსურს გავიმეორო, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობის არჩევანი, საქართველო ევროკავშირთან დაახლოებას საუკუნეების განმავლობაში ესწრაფვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე – „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს 2014 წლიდან ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი აქვს.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ხელშესახები პროგრესი აქვს.

„ეს არ იწყება 2014 წელს, როდესაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ გვსურდა გავმხდარიყავით ცივილიზებული ევროპის და მსოფლიოს წევრი საუკუნეების განმავლობაში. ასე რომ ახლა გვსურს, რომ ვუხელმძღვანელოთ ჩვენი ხალხის მოლოდინებს, რადგან ჩვენი პერსპექტივიდან გამომდინარე, თუ როგორ ვხედავთ ამ პროცესს, ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან ლოიალურები ვართ ევროპული პრინციპების და ღირებულებებს მიმართ, ვახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს. ჩვენ ვაკეთებთ ყველა საჭირო საქმეს, რაც არის ასოცირების შეთანხმებაში. ჩვენ შევასრულეთ ასოცირების შეთანხმების 45 პროცენტზე მეტი. გვაქვს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი 2014 წლიდან და გვაქვს გაუმჯობესება ყველა მიმართულებაში, იქნება ეს კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების რეფორმა, ღია მთავრობა. ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი და ხალხი ამას ხედავს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს სჭირდება დაინახოს ქმედება ახლა და დღეს.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირისგან სჭირდება სიცხადე, ადეკვატური და შესაბამისი რეაქცია.

„ახლა კითხვა არის შემდეგი, ვზრდით თუ არა ამ მოლოდინებს, რომ ვუთხრათ ხალხს, საქართველო მიიღებს სიმბოლურ, პოლიტიკურ განაცხადს და აღიარებას, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი ან მათ უნდა ავუხსნათ, რომ ახლა არ არის შესაბამისი დრო, უნდა მოვიცადოთ. ჩვენ გვჭირდება, დავინახოთ ქმედება ახლა და დღეს, რადგან ეს უკვე განსხვავებული მსოფლიოა. რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გამოწვევა, ეს არის მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გამოწვევა. მე მსურს გაგახსენოთ ომი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2008 წელს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვინახავს ისეთი ერთობა, როგორიც დღეს არის. ჩვენ მივესალმებით ამ ერთობას. ეს ძალიან კარგია და მთელი მსოფლიოს, ცივილიზებული მსოფლიოს ძლიერი რეაქციაა, მაგრამ ჩვენ ქართველებმა გადავიხადეთ ძალიან მაღალი საფასური მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ჩვენ 2008 წელს ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან, ასევე 90-იან წლებში გვქონდა ორი ომი, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ ომის შედეგი არის ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია. ჩვენ გვესმის ის წუხილები, რაც არსებობს ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობის მიცემას. ეს ხანგრძლივი პროცესია, ჩვენ ეს გვესმის. ჩვენ გვაქვს საშინაო დავალება, რომელიც არის ასოცირების შეთანხმება. ჩემი აზრით, ჩვენ გვჭირდება სიცხადე, ადეკვატური და შესაბამისი რეაქცია ევროკავშირისგან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

დატოვე კომენტარი