ირაკლი ღარიბაშვილი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩვენ უზრუნველვყოფთ სტაბილურობას, მშვიდობას, წინ მივდივართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ირაკლი ღარიბაშვილი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩვენ უზრუნველვყოფთ სტაბილურობას, მშვიდობას, წინ მივდივართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

ჩვენი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში მაქსიმუმი გავაკეთეთ. ეს არის რეალობა, ამიტომ აქცენტი სჯობს, გავაკეთოთ ოპოზიციისა და მთავრობის გაერთიანებაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი. ყალბი ინფორმაციის გავრცელება არ უნდა ხდებოდეს. ასეთი ყალბი ინფორმაციის ხსენება, „გააქტიურდა ურთიერთობები რუსეთთან“, არ არის მართებული. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ამიტომ, ამ ადამიანის არჩევანია და ვერაფერს ვიტყვი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას ერთ-ერთი კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რუსეთს შეეხებოდა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად.

„ჩვენ ვიცავთ, ჩვენ უზრუნველვყოფთ კეთილდღეობას, სტაბილურობას, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. ამავდროულად, ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრს საქართველოს მოქალაქე შოთა ღვინერიამ ჰკითხა: „შოთა ღვინერია გახლავართ, საქართველოს მოქალაქე, ეს ყველაზე კარგი სტატუსი შემიძლია, დავასახელო. 390-ზე მეტი კითხვის შემდეგ ერთს ავარჩევ და დაგისვამთ. ამ კრიმინალური და ტერორისტული ომის შემდეგ, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში, თქვენ დააჩქარეთ რუსეთთან ურთიერთობები და გაზარდეთ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე. ერთი მხრივ, თავისი არსით ეს გამორიცხავს სანდო პარტნიორობას ევროკავშირთან და ნატო-სთან. ამიტომ ჩემი კითხვა არის ასეთი – შედეგები გააზრებული გაქვთ, რუსეთი თუ დამარცხდება ამ ომში, რა შედეგები ექნება ამას საქართველოსთვის?“

„დიდი მადლობა კითხვისთვის, შოთა. დარბაზისთვის მინდა ვთქვა, ვინ არის ეს ადამიანი. ოპოზიციის წარმომადგენელია, ოპოზიციის რიგებიდან არის. ორიოდე წლის წინ იყო ჩვენი მთავრობის წევრი. ცოტათი უცნაური არ არის, რომ ჩამოვიდა ბრიუსელში, შემდეგ ბრატისლავაში და მკითხა ეს პროვოკაციული კითხვა?!

ყველას ესმის ამ დარბაზში, რომ საქართველო აჩვენებს ძალიან გონივრულ, ძალიან პრაგმატულ, საკმაოდ უნიკალურ დამოკიდებულებას. ჩვენ ამ რთულ სიტუაციაში ნავიგაციას ვცდილობთ და თან წინ მივიწევთ ჩვენს ევროკავშირის გზაზე და კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს ვდებთ. ნებისმიერი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მთავრობის მუშაობაზე ისაუბრებს და იტყვის, რომ ჩვენი გაკეთებულია ევროკავშირის გზაზე ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს კითხვით მიმართა ფრანგმა ჟურნალისტმა. მან პრემიერს კითხვა დაუსვა საქართველოში პოლარიზაციის დასრულებასთან დაკავშირებით: „თქვენ ბრძანეთ პოლარიზაციის დასრულების საკითხი, როგორც იმ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. მგონი, პოლარიზაციის მაგალითი გვქონდა ამ დარბაზში. თუ შეიძლება, გვითხარით მეტი ამის თაობაზე“.

პოლარიზაციის დასრულებაზე დასმული კითხვის პასუხად პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა:

„თუ გვინდა, თავიდან ავიცილოთ შემდეგი GLOBSEC-ის სამიტზე მსგავსი კითხვები და მსგავსი პოლარიზაცია, მოგვანიჭეთ სტატუსი. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში,“- განაცხადა პრემიერმა.