ირაკლი ღარიბაშვილი - ხელისუფლება მაქსიმალურად მოტივირებულია, რომ უმოკლეს ვადაში შესრულდეს 12-ვე რეკომენდაცია, მოვუწოდებ ოპოზიციას, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ჯგუფებში
ირაკლი ღარიბაშვილი - ხელისუფლება მაქსიმალურად მოტივირებულია, რომ უმოკლეს ვადაში შესრულდეს 12-ვე რეკომენდაცია, მოვუწოდებ ოპოზიციას, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ჯგუფებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად არის ჩართული, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები უმოკლეს ვადაში შესრულდეს.

პრემიერმა ოპოზიციას მოუწოდა, მმართველ გუნდთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფებში.

„საქართველო შეასრულებს 12-ვე რეკომენდაციას. ჩვენი ხელისუფლება არის ჩართული, მაქსიმალურად მოტივირებული, რომ უმოკლეს ვადაში იქნას შესრულებული 12-ვე რეკომენდაცია. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც არის შექმნილი პარლამენტში. ზეგ მივიღებ მონაწილეობას პრაღაში, ევროკავშირის ლიდერების სამიტში, სადაც მიწვეული ვართ პარტნიორი ქვეყნის მთავრობის, სახელმწიფოს მეთაურები. იქაც, რა თქმა უნდა, იგივე მესიჯი, გზავნილი მექნება, რომ ჩვენ ვართ აქტიურად ჩართული ამ პროცესში, ვმონაწილეობთ, ყველა კარი არის ღია ყველა ოპოზიციური პარტიისთვის და ახლა მთავარია, რომ მათი ჩართულობაც უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.