ირაკლი ღარიბაშვილი - ჯარისკაცების დაუღალავი ძალისხმევით, ჩვენმა ქვეყანამ, როგორც საიმედო და ღირსეულმა პარტნიორმა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ჯარისკაცების დაუღალავი ძალისხმევით, ჩვენმა ქვეყანამ, როგორც საიმედო და ღირსეულმა პარტნიორმა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს მდგრადი, ეფექტური და ქმედითი თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება მიზნად ისახავს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას და ემსახურება რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას.

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძირითადი სტრატეგიული ფასეულობებისა და ღირებულებების ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდირების მაღალ ხარისხს. არსებულ საფრთხეებთან გამკლავებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს მდგრადი, ეფექტური და ქმედითი თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება. ამ მიზნის მიღწევის გზაზე ჩვენ ვხელმძღვანელობთ დემოკრატიული პრინციპებით და დასავლური ღირებულებებით. საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება მიზნად ისახავს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას და ემსახურება რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას. მე ღრმად მწამს, რომ აღნიშნული, როგორც რეგიონის, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებში შედის. სწორედ ნატო-სთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი სამინისტროს განვითარების ერთ-ერთ ქვაკუთხედს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი ჯარისკაცების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში.

„ამ პროცესში ჩვენი ჯარისკაცების დაუღალავი ძალისხმევით, ჩვენმა ქვეყანამ, როგორც საიმედო და ღირსეულმა პარტნიორმა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში. საქართველო დღეს ნატო-ს ღირსეული სტრატეგიული პარტნიორია, სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფოა რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში, ჩვენ ვაგრძელებთ ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას, შემდეგი პრინციპით -უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში. ამ სულისკვეთებით და ძლიერი თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბების სურვილით ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს და მოდერნიზაციას, ეს პროცესი ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს, რომლის უმთავრესი პოსტულატია სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოების კონსოლიდაცია, ასევე კოორდინირებული და მძლავრი უწყებათაშორისი თანამშრომლობა და ერთიანი სამთავრობო მიდგომა. მე ასევე მინდა, გაცნობოთ, რომ შემუშავებული გვაქვს ახლებური ხედვა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით, ამ ცვლილების ინიცირება იგეგმება თავდაცვის კოდექსის პროექტის ფარგლებში. ასევე მინდა, გაცნობოთ, რომ ტოტალური თავდაცვის ფარგლებში წარმატებით მიმდინარეობს სამხედრო რეზერვის რეფორმა და დაგეგმილია რეზერვის სისტემის ამბიციური გეგმის სრულფასოვნად ამუშავება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.