ირაკლი ღარიბაშვილი - ჯანდაცვის მინისტრის დაპირების შესაბამისად, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ
ირაკლი ღარიბაშვილი - ჯანდაცვის მინისტრის დაპირების შესაბამისად, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალ მინისტრ ზურაბ აზარაშვილს აქვს სერიოზული გეგმები, ჩამოყალიბებული ხედვა, როგორ მოაგვაროს უკვე დარჩენილი პრობლემები და ერთ-ერთი პრობლემა არის სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილთა ოჯახების პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამის თაობაზე მინისტრის დავალებით სააგენტომ უკვე შეიმუშავა გეგმა და შესთავაზა მათ ორი გზა, პირველი – დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვ.მ.-ის ფასი იქნება 550 დოლარის ეკვივალენტი ლარში, რომლის შესყიდვასაც განახორციელებს სააგენტო, და მეორე – დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

ღარიბაშვილის თქმით, რაც მთავარია, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ ოჯახებზე მინისტრმა გასცა დაპირება, რომლის მიხედვით, აღნიშული ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს მიმდინარე წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ.

ამასთან, პრემიერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში 2012 წლამდე დევნილთა საკითხების მიმართულებით.

„დევნილების საკითხთა თაობაზე მე მქონდა საუბარი მინისტრ აზარაშვილთან. მისი დავალებით, გუშინ სააგენტომ გაავრცელა უკვე განცხადება. მანამდე მე მინდა მოსახლეობას შევახსენო, თუ რა მდგომარეობა დაგვხვდა 2012 წლამდე, რა ვითარება იყო ამ მიმართულებით. 2012 წლამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხი ქაოსურად მიმდინარეობდა, განსახლების ძირითადი მიმართულება იყო დევნილთა მხრიდან ე.წ. მოკავებული ფართების დაკანონება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების რეაბილიტაცია. არ არსებობდა ერთიანი სტანდარტი, რის მიხედვითაც რეგულირდებოდა განსახლების პოლიტიკა. განსახლების საკითხის განხილვისას არსებითი ყურადღება არ იყო გამახვილებული ოჯახის წევრთა რაოდენობაზე, იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახს, თუნდაც მათი ნების საწინააღმდეგოდ, 9-10 კვ.მ. ფართი უკანონდებოდა, ასევე არ იყო შემუშავებული მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო განსახლების საჭიროების მქონე დევნილი ოჯახის შერჩევა და ასევე, 2012 წლამდე განსახლების პროექტები ხორციელდებოდა უშუალოდ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური ცვლის გამოყენებით და ბიუჯეტი იყო საკმაოდ მწირი.

2012 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, ამოქმედდა განსახლების სხვადასხვა პროგრამა, ალტერნატივები. მინდა, ჩამოვთვალო და კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას:

ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვა ინტენსიურად და აქტიურად 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დავიწყეთ; ე.წ. სოფლად სახლის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახი თავად არჩევს და წარმოადგენს სააგენტოში შესასყიდ სახლს; დავიწყეთ მასშტაბური მშენებლობები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით; დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, 27 000 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. განხორციელდა მასშტაბური პროექტები“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.