ირაკლი ღარიბაშვილი - იმპიჩმენტის გარდა, სხვა გზა არ დაგვიტოვა ქალბატონმა პრეზიდენტმა, დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია, ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, როცა ქვეყანა სტატუსს ელოდება
ირაკლი ღარიბაშვილი - იმპიჩმენტის გარდა, სხვა გზა არ დაგვიტოვა ქალბატონმა პრეზიდენტმა, დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია, ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, როცა ქვეყანა სტატუსს ელოდება

ქალბატონმა პრეზიდენტმა გვაიძულა ეს ნაბიჯი გადაგვედგა, ეს არ არის სასიამოვნო, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა ამდენი გამოწვევის წინაშეა, ბევრად მეტი პრობლემა გვაქვს, ვიდრე ასეთი გაუმართლებელი ურთიერთობა პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობას სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ დაეწყო იმპიჩმენტის პროცედურა.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიზანმიმართულად არღვევდა კონსტიტუციას.

„სხვა გზა არ დაგვიტოვა ქალბატონმა სალომემ, რომელმაც დემონსტრაციულად, მიზანმიმართულად დაარღვია კონსტიტუცია. ეს იყო გამიზნული პროვოკაცია. მით უმეტეს, ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა ელოდება სტატუსს, რა დროს ასეთი ტიპის მდარე ხარისხის პროვოკაციაზე წასვლაა, ამ კითხვას ვუსვამ ქალბატონ სალომეს. ეს დროული იყო? როცა ადამიანი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კანონს, იცის, რომ მის ამ დარღვევას მოჰყვება რეაგირება. როცა პრეზიდენტი განგებ არღვევს კონსტიტუციას, მან იცოდა, რომ ხელისუფლებას მოუწევდა რეაგირება. ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ სამართლებრივი შეფასება მიგვეცა მისი ამ ქმედებისთვის. მე ეს ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მათ ეს ესმით, მაგრამ ასევე გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი. ეს აღქმებს აფუჭებს. ამიტომ ვთქვი, რომ იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის, ღიად დეკლარირებულად დაეფიქსირებინა მხარდაჭერა ამ პროცესისთვის, რომელიც პარლამენტმა დაიწყო, უნდა ეთქვა, რომ თუ რაიმეში დაგვჭირდებოდა მისი დახმარება, ის მზად იქნებოდა. ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია. ნაცვლად ამისა, ვნახეთ ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი. თან რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიციის. მანაც გაიმეორა ანალოგიური მესიჯები, რომელიც ოპოზიციას აქვს ჩამოყალიბებული, თურმე ჩვენ არ ვასრულებთ რეკომენდაციებს, ჩვენი საგარეო კურსი არის გაუგებარი და ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს. ამაზეა საუბარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპელ კოლეგებსაც ესმით ის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც ახლა ქვეყანაშია შექმნილი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის.

„ჩვენ ევროპელ კოლეგებს ესმით ეს სამართლებრივი მდგომარეობა. ვუთხარი, რომ ეს არის ფორმალური, იურიდიული, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესი, რომ გამოჩნდეს კანონის უზენაესობა, ჩვენი კონსტიტუციის უზენაესობა და ის, რომ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა, არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი და არც პრემიერი. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გააცნობიერებს, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს მოსაგვარებელი, თუ ის მხარს დაგვიჭერს და გახდება ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში, მე მხოლოდ მადლიერებით მივესალმები მის ამ ძალისხმევას, ისე, როგორც შარშან ხდებოდა. შარშან, სტატუსის მინიჭებამდე, როცა იყო მომართვები, მთავრობა უშვებდა ყველგან, ვუგზავნიდით თანხმობებს. თუ მეტი ხმა იქნებოდა ევროპაში, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა, რატომაც არა, მაგრამ, სამწუხაროდ, მან რადიკალურად შეცვალა ეს ორიენტირები და ამიტომ ეს ნდობა დაიკარგა. ოპოზიციონერს ჩვენი მანდატის და უფლებამოსილების ქვეშ ვერ გავუშვებდით ევროპაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.