ირაკლი ღარიბაშვილი - იანვრიდან დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასის 20%-იანი, ხოლო მაღალი რგოლისთვის 10%-ის ოდენობით ზრდა იგეგმება
ირაკლი ღარიბაშვილი - იანვრიდან დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასის 20%-იანი, ხოლო მაღალი რგოლისთვის 10%-ის ოდენობით ზრდა იგეგმება

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდა და ამ ორგანიზაციაში საბოლოო ინტეგრაცია. სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა იყო და არის ჩვენი მთავარი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამხედროებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, უკვე იანვრიდან იგეგმება ხელფასების დამატებით ზრდა – დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისთვის 20%-ის, ხოლო მაღალი რგოლისთვის 10%-ის ოდენობით.

„ხელფასების ზრდა შეუქცევადი გახდება და რა თქმა უნდა, ეს წლების განმავლობაში სისტემატიურად გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ თავდაცვის კოდექსშიც.  უკვე გაისად დასრულდება „ჯარის ქალაქის – Army City“ მშენებლობა. პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე შვიდსართულიანი 39 კორპუსი უკვე აშენდა და სრულდება ძალიან მალე, რამდენიმე თვეში და დაახლოებით 1 090 სამხედროს გადაეცემა ბინები, უპრეცენდენტოდ შეღავათიანი პირობებითა და შიდა განვადებით. ჩვენ ბოლო ორ წელიწადში თითქმის ყველა სამხედრო ბაზის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა და რეაბილიტაცია მოვახერხეთ. დაიწყო სამხედრო ავიაციის აღდგენის პროცესი და წარმატებით მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები. ძლიერდება ქართული სამხედრო მრეწველობა. წელს უკვე გავხსენით ნატო-ს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4-ის წარმოება საქართველოში, რომელიც არის ქართულ-ებრაული საწარმო – „დელტა სიეიეი“ და რომელიც „დელტას“ ბაზაზე გაიხსნა და გამოუშვებს ნატო-ს სტანდარტის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღებს.

დაიწყო საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის უპილოტო საფრენი აპარატების განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. უახლოეს პერიოდში იგეგმება ქართულ-პოლონური და ქართულ-ებრაული საწარმოების პრეზენტაცია. „დელტას“ მეშვეობით უკვე გამოვუშვით სრულიად ახალი, მოდერნიზებული სადაზვერვო მანქანაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ იხილა.

ჩვენ რამდენიმე თვეში, პარლამენტს წარვუდგენთ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებულ დოკუმენტს, როგორც ფუძემდებლური დოკუმენტის საბოლოო ვერსია. ასევე, განახლდება საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაც, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს უახლოეს 3-4 თვეში. ვგეგმავთ ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კანონპრექტის პარლამენტისთვის წარდგენას თებერვალში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.