ირაკლი ღარიბაშვილი - გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს სახლში
ირაკლი ღარიბაშვილი - გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს სახლში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქარელში მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩეველს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ქარელის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ზაზა გულიაშვილს.

„ქარელში ჩვენმა კანდიდატმა მაღალი შედეგი აჩვენა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მეორე ტური გაიმართება, რომელშიც რა თქმა უნდა, დამაჯერებლად გაიმარჯვებს ჩვენი კანდიდატი, ზაზა გულიაშვილი. ქარელში მას არ ჰყავს ალტერნატივა. ის არის ღირსეული კანდიდატი და დარწმუნებული ვარ, დიდი მხარდაჭერა ექნება. მინდა, ვთხოვო ჩვენს ამომრჩეველს, მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება, არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს სახლში. მჯერა, ჩვენი ამომრჩევლის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ასევე პრემიერმა მიმართა მოსახლეობას და მათ 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

„ვინც მხარს უჭერს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა, უნდა მოვიდეს თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ქარელის შემდეგ დღესვე შეხვედრა გაიმართება ხაშურში. ამით დაასრულებს „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრებს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.