ირაკლი ღარიბაშვილი - გერმანიამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს, ის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, აძლიერებს ქართულ დემოკრატიას
ირაკლი ღარიბაშვილი - გერმანიამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს, ის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, აძლიერებს ქართულ დემოკრატიას

გერმანია არის ქვეყანა, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს, გერმანია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და აძლიერებს ქართულ დემოკრატიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მიწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, გერმანია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და საქართველო დაინტერესებულია, კიდევ უფრო გააძლიეროს გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობები.

„გერმანია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, აძლიერებს ქართულ დემოკრატიას და ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოსთვის დახმარების სახით გაწეული აქვს მილიარდ 300 მილიონ ევროზე მეტი. ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ქართველი ხალხი არის მადლიერი და ჩვენ დაინტერესებული ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები.

როგორც კანცლერმა აღნიშნა, ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ რთულ ვითარებაში. რთული დრო გვაქვს დღეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში, ვინაიდან რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამოსცადა ასეთი ომი 2008 წელს და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას. მას შემდეგ ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციის თავიდან აცილება, პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას.

მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინას. ჩვენ ვართ სოლიდარული მათ მიმართ. გავაგზავნეთ ათას ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ძალიან ბევრ რეზოლუციას, მხარდამჭერ განცხადებას უკრაინის მიმართ და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპის მომსწრენი ვართ, ვინაიდან სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რომელზეც რამდენიმე თვის წინ უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით, რადგან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი.

მინდა, აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პირადად კანცლერს. თქვენ რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა განაცხადეთ და მხარდაჭერა გამოუცხადეთ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ მინდა, საჯაროდ დავადასტურო, რომ ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად მოწოდებული, მოტივირებული, რომ ყველა 12-ვე რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, იქნას შესრულებული ზედმიწევნით, სრულყოფილად ჩვენი მთავრობის მხრიდან. ამის თაობაზე კანცლერს მივაწოდე ინფორმაცია, ჩვენ კარი გავუღეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ყველა აქტორს ქართლი პოლიტიკისა, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში,ვინაიდან ხელისუფლებას დასჭირდება ყველას ჩართულობა, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების.

ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს და მოხარული ვართ, რომ 2023 წელს საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოდგენას, წარმოჩენას და მის პოპულარიზაციას.

და ბოლოს, მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო არის გერმანიის სანდო პარტნიორი, რომელიც ხელს უწყობს ევროპული ფასეულობების დამკვიდრებას და თავისი წვლილი შეაქვს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ კანცლერს და ვისარგებლო შემთხვევით, მოვიწვიო კანცლერი თბილისში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.