ირაკლი ღარიბაშვილი - გაზვიადებულია, რომ სააკაშვილის დაკავებას რაღაც არეულობა მოჰყვება, არაფერი მოხდება, მოვკიდებთ ხელს და შევაბრძანებთ ციხეში ძალიან მარტივად
ირაკლი ღარიბაშვილი - გაზვიადებულია, რომ სააკაშვილის დაკავებას რაღაც არეულობა მოჰყვება, არაფერი მოხდება, მოვკიდებთ ხელს და შევაბრძანებთ ციხეში ძალიან მარტივად

ნამდვილად არ მჯერა, რომ სააკაშვილი გაბედავს და ჩამოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, დაუყოვნებლივ შევა ციხეში და ამ პროცესს ვერავინ შეეწინააღმდეგება.

„შვიდი არჩევნები ჩავატარეთ, შვიდ არჩევნებში მოვუგეთ მის ამ ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ძალას და დათვალეს, რომ 16-ჯერ აქვს ადამიანს ნათქვამი, თუ „დამუქრებული“, რომ ჩამოვალ, ჩამოვალ, ჩამოვალ და. ა.შ. მაგრამ არ ჩამოდის. ვიცი რა,  რომ ყურადღებას აღარ აქცევს თავის პარტიას, არც დაფინანსებას უგზავნის, არც არაფერს, სხვათა შორის მე გეტყვით, რომ სამ სახლს იშენებს უკრაინაში და ბიზნესმენების დატერორებით არის დაკავებული. ზუსტი ინფორმაცია მაქვს ჩვენი მეგობრებისგან. ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, ესა თუ ის ბიზნესმენი უკვეთავს სააკაშვილს კრიტიკას, ეს იღებს ამ კონკრეტული დავალების შესრულებაში კონკრეტულ გასამრჯელოს და ასე ცხოვრობს ეს ადამიანი, ჩვეულებრივი მავნებელი ადამიანი.

ჩამოვიდეს, ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ, მასაც დავაწყნარებთ და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როდესაც გამოვკეტავთ ციხეში ამ ადამიანს.

სააკაშვილი დღეს არის ბრალდებული და მსჯავრდებული, მათ შორის, ძალიან მძიმე დანაშაულებებზე, მათ შორის, ერთ-ერთი გავიხსენე, თუნდაც ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის, ცემის ფაქტი, რომელიც სააკაშვილმა შეუკვეთა და ლამის მოკლეს ეს კაცი, გირგვლიანის საქმე, 26 მაისი, უამრავი ძალადობრივი საქმეები და მათ შორის, მე ძალიან მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენიათ,  მთელი ეს ძალადობა, რაც ხდებოდა ქვეყანაში, ეს ხდებოდა სააკაშვილის გარეშე. ეს არის ძალადობრივი საქმეები და რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არ შევეკითხებით კანონი უნდა აღსრულდეს, თუ არ უნდა აღსრულდეს ამ მოძალადე ადამიანის მიმართ, ვინც წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20% დააკარგვინა, გადასცა კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი რუსეთს და რუსული ჯარი შემოიყვანა, დააბრუნა საქართველოში. ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს ავუხსნით და მათ იციან ძალიან კარგად, ვინ არის სააკაშვილი.

მე ინფორმაცია მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრების დაჟინებული თხოვნა, მუქარა მის მიმართ არის, რომ არ ჩამოვიდეს თბილისში. მორიგი შოუ აქვს მოფიქრებული, რომ აქ, თავის გუნდს აჩვენოს, რომ მას უნდა ჩამოსვლა, მაგრამ ვინაიდან ესენი არ სთხოვენ ჩამოსვლას, მაშინ არ ჩამოვა. სხვათა შორის, მელია, რომელიც არანაკლებ არის მისი ხაზი და მისი პოლიტიკის გამტარებელი ჩვეულებრივი, მათ ერთხელ უკვე  ერთად დაანგრიეს, მთელმა გუნდმა, ბანდამ, ჩვენი ქვეყანა და ამდენი უბედურება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას, მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ არავის. მათ შორის, მე გუნდის შიგნიდანაც ვიცი, რომ ისინიც ეწინააღმდეგებიან და მათაც კი არ სჯერათ სააკაშვილის ამ დაპირების, ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ჩამოვა თუ არა, დაუყოვნებლივ შევა ციხეში და რა თქმა უნდა, ამ პროცესს ვერავინ ამ ქვეყანაში, ამ მიწაზე, ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება, სახელმწიფო კანონის ძალით და კანონის სახელით ყველას მიუზღავს და თავის ადგილს მიუჩენს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 75%-80% უშუალოდ სააკაშვილის მოწინააღმდეგეა.

„მე ჩემი მოსაზრება მაქვს და ვიცი, შესწავლილიც მაქვს, ამომრჩევლის 27%-ში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველია, რა კატეგორიაა. ვფიქრობ, რომ მაქედან 5-6-7% იქნებიან „მიშისტები“, სექტად რომ არის ჩამოყალიბებული, დანარჩენი არის გაღიზიანებული, საპროტესტოდ განწყობილი მოსახლეობა, რომლებიც სხვათა შორის საჯაროდ პროტესტს არ გამოხატავს. მე შეგახსენებთ ძალიან მარტივ მაგალითს, საზოგადოებას შევახსენებ ფაქტებს. როცა კრიზისის პიკი იყო, როცა ითხოვდნენ  ჩემს გადადგომას, ივლისის დროს და უამრავი აქცია რომ დააანონსეს, მაქსიმუმ 4000 კაცი შეკრიბეს. პარტია, რომელსაც 4000 კაცის გამოყვანის მეტი თავი არ აქვს, რაზეა საუბარი და მეორეც, კითხვას შევუბრუნებ ნებისმიერს, 27% თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს და მე გითხარით, რომ ასე არ არის, იქ რეალურად სხვანაირად განწყობილი მოსახლეობაა და სამუშაოა მათთანაც, ისინი რეალურად შემცდარნი არიან, მე ასე მჯერა, ჩემი ღრმა რწმენით ასეა, 75%-80% უშუალოდ სააკაშვილის მოწინააღმდეგეა. მაშინ მეორე კითხვას დაგისვამთ, ჩვენი მოსახლეობის 80%, ანუ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა როცა სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, რა პრობლემაზეა საერთოდ საუბარი და მე არ მესმის, ვინ იმუქრება საერთოდ?! არეულობით იმუქრებიან?! ვინც გაბედავს არეულობას ჩვენს ქვეყანაში და რაიმე მცდელობა ექნება, სახელმწიფო, რა თქმა უნდა კანონით მინიჭებული ძალით და უფლებით, ყველას და ყველაფერს გასცემს საკადრის პასუხს. ეს არის გაზვიადებული, რომ სააკაშვილის დაკავებას ვითომ რაღაც არეულობა მოჰყვება. არაფერი არ მოხდება საერთოდ. მოვკიდებთ ხელს და შევაბრძანებთ ციხეში ძალიან მარტივად. ვინც შეეწინააღმდეგება, ისინიც შევლენ ციხეში. ეს არის ჩემი პასუხი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი