ირაკლი ღარიბაშვილი - გავიხსენებ ევროპული კონსტიტუციის თანაავტორ მიხეილ მუსხელიშვილის სიტყვებს, საქართველომ იცის, რომ ეკუთვნის ევროპას, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები
ირაკლი ღარიბაშვილი - გავიხსენებ ევროპული კონსტიტუციის თანაავტორ მიხეილ მუსხელიშვილის სიტყვებს, საქართველომ იცის, რომ ეკუთვნის ევროპას, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები

მსურს, გავიხსენო ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპული კონსტიტუციის თანაავტორ მიხეილ მუსხელიშვილის, იგივე მიშელ მუსხელის, სიტყვები. მან თქვა, საქართველომ იცის, რომ ეკუთვნის ევროპას, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე – „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“, განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ევროკავშირისგან ქმედება ახლა და დღეს სჭირდება.

„ახლა შეკითხვა არის შემდეგი – ვზრდით თუ არა ამ მოლოდინს, რომ ვუთხრათ ხალხს, საქართველო მიიღებს სიმბოლურ, პოლიტიკურ განაცხადს და აღიარებას, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი ან მათ უნდა ავუხსნათ, რომ ახლა არ არის შესაბამისი დრო, უნდა მოვიცადოთ. ჩვენ გვჭირდება, დავინახოთ ქმედება ახლა და დღეს, რადგან ეს უკვე განსხვავებული მსოფლიოა. რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გამოწვევა, ეს არის მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გამოწვევა. მე მსურს, გაგახსენოთ ომი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2008 წელს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვინახავს ისეთი ერთობა, როგორიც დღეს არის“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული მისწრაფებებისთვის ქართველებმა ძალიან მაღალი საფასური გადაიხადეს.

„ჩვენ მივესალმებით ამ ერთობას. ეს ძალიან კარგია და მთელი მსოფლიოს, ცივილიზებული მსოფლიოს ძლიერი რეაქციაა, მაგრამ ჩვენ, ქართველებმა გადავიხადეთ ძალიან მაღალი საფასური მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ საკუთარი დამოუკიდებლობა. ჩვენ 2008 წელს ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან, ასევე 1990-იან წლებში გვქონდა ორი ომი – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ ომის შედეგი არის ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია. ჩვენ გვესმის ის წუხილები, რაც არსებობს ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობის მიცემას. ეს ხანგრძლივი პროცესია, ჩვენ ეს გვესმის. ჩვენ გვაქვს საშინაო დავალება, რომელიც არის ასოცირების შეთანხმება. ჩემი აზრით, ჩვენ გვჭირდება სიცხადე, ადეკვატური და შესაბამისი რეაქცია ევროკავშირისგან. დასასრულ, მე მსურს, მოვახდინო ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპული კონსტიტუციის თანაავტორ მიხეილ მუსხელიშვილის, იგივე მიშელ მუსხელის, ციტირება. მან თქვა, საქართველომ იცის, რომ ეკუთვნის ევროპას, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები. ესაა ჩემი დასკვნითი კომენტარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი