ირაკლი ღარიბაშვილი - ფრონტიდან პოლიტიკური განცხადებები, არ ვიცი, რა სტილია, ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც უკრაინაშია, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვებ მშვიდობიანად დაბრუნებას
ირაკლი ღარიბაშვილი - ფრონტიდან პოლიტიკური განცხადებები, არ ვიცი, რა სტილია, ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც უკრაინაშია, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვებ მშვიდობიანად დაბრუნებას

მინდა, მივმართო პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან, არ ვიცი, რა სტილია, არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი მრწამსით წავიდნენ ომში, მინდა, ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც უკრაინაშია, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვო ჯანმრთელად და მშვიდობიანად დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში, ომში წასული საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული.

„ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ფორმიანების მიმართ. ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი ვარ მეორედ. ჩემი დამოკიდებულება, ყურადღება, პატივისცემა ყველასთვის ცნობილია, როგორც მოქმედი, ისე ყოფილი სამხედროებისა და ვეტერანებისადმი, ასევე ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების მიმართ. ჩემი ნათქვამი იქნა არასწორად გაგებული, თითქოს მე ყველა იმ ადამიანს, რომლებიც უკრაინაში დღეს ომობენ, ვუწოდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დიდი სიცრუეა ეს. მე ვთქვი შემდეგი: ჩვენ, ყველამ, კარგად ვიცით, რომ ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში მედიის საშუალებით დასახელებული  იქნა კონკრეტული გვარები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულნი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სააკაშვილთან. არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, შეიძლება, უბრალოდ, მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი მრწამსით, სულისკვეთებით, იდეალისტური დამოკიდებულებით წავიდნენ და ომობენ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე მათზე არ მითქვამს, რომ ყველა ამ ადამიანის წაყვანა ორგანიზებულია ომის პარტიის მიერ. მე ვთქვი, რომ უნდა გაიმიჯნოს. არის კატეგორია ადამიანების, შეიძლება, რამდენიმე ათეული იყოს, რომელთა წაყვანა ორგანიზებულია სააკაშვილის, ომის პარტიის, იმ პარტიის მიერ, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარა და დაკარგა, ომის შემდეგ კი გადასცა სტრატეგიული ობიექტები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში, ომში წასულ საქართველოს ყველა მოქალაქეს მშვიდობიანად დაბრუნება უსურვა.

„მე ვთქვი, რომ ეს ადამიანები დღესაც არიან პარტიის მოქმედი წევრები, მაგალითად, მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი, რომელიც არის „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი. მისი და იყო „ნაცმოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი, ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებში, ამბობს, რომ იქ ომობს და ა.შ. მე ასე მესმის – თუ ადამიანი ომობს, მინდა, მივმართო მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან, არ ვიცი, რა სტილია. ეს არის ფაქტი. არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი მრწამსით წავიდნენ, მინდა, ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც უკრაინაშია, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვო ჯანმრთელად და მშვიდობიანად დაბრუნება“, – განაცხადა პრემიერმა.