ირაკლი ღარიბაშვილი - ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის, ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ დოლარს და ორივე ფაზის დასრულების შემდეგ, 120 მილიონამდე გაიზრდება
ირაკლი ღარიბაშვილი - ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის, ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ დოლარს და ორივე ფაზის დასრულების შემდეგ, 120 მილიონამდე გაიზრდება

დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომპანია „პეისის“ მხრიდან 2020 წლიდან მიმდინარეობდა ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის.

„მოგესალმებით ყველას, ძვირფასო სტუმრებო, მეგობრებო და კოლეგებო! ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, საქართველოს შავი ზღვის კარიბჭეში, ფოთში და თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლა. დღეს მართლაც დიდებული დღეა! ვულოცავ კომპანია „პეის“, მის თითოეულ თანამშრომელს ასეთი მასშტაბური პროექტის წარმატებით განხორციელებას! მოგეხსენებათ, 2020 წლიდან კომპანია „პეისის“ მხრიდან მიმდინარეობდა ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა პროექტში.

კერძოდ, აშშ-ს ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან (DFC) გამოყოფილი იქნა დაფინანსება 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და რომ ის წარმოადგენს რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.