ირაკლი ღარიბაშვილი - ფისკალური და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი გვაქვს, რომელიც აისახება მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე
ირაკლი ღარიბაშვილი - ფისკალური და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი გვაქვს, რომელიც აისახება მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე

ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში ხარჯვითი ნაწილი 165 მლნ ლარით გაიზრდება, აქედან უდიდესი ნაწილი – 130 მლნ ლარი მოხმარდება ჩვენს რეგიონებში პროექტების დაფინანსებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯამში, რეგიონული ფონდი გახდება 580 მლნ ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება მომავალ წელს.

„გარდა ამისა, ჩვენ დამატებით გამოვყავით 15 მლნ ლარი და ეს თანხა მოხმარდება გურიაში იმ ოჯახების კომპენსაციებს, რომელთა სახლები დაზიანდა სტიქიის დროს. ჩვენ 15 მლნ ლარს წელს ჩავურიცხავთ ამ ადამიანებს, მოხდება სახლების, ბინების შეძენა, არცერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე. მინდა, ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვთქვა. დამატებით 15 მილიონს გამოვყოფთ უკვე 2024 წელს. კიდევ ერთხელ შევაჯამებ, რომ, ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 25 მლრდ ლარი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატება. 2012 წელს ბიუჯეტი იყო 9 მილიარდ ლარამდე, დაახლოებით, 8.6 თუ 8.7-9 მილიარდ ლარამდე იყო ბიუჯეტი. აქაც სამჯერ არის გაზრდილი და მთლიანი ეკონომიკაც გაზრდილია სამჯერ.

კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონო ლაშა, თქვენ და თქვენს გუნდს, მინდა, ყველა მინისტრს მადლობა გადავუხადო, ჩვენს პარლამენტს, შესაბამის კომიტეტებს, რომლებმაც ძალიან ინტენსიურად იმუშავეს მთავრობასთან ერთად. ჩვენ ბევრი ინიციატივა მოვისმინეთ მათგანაც, გავცვალეთ აზრები, ძალიან საინტერესო პროცესი გავიარეთ და, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ფისკალური თვალსაზრისით და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წელს აისახება ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე და, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებასაც“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.