ირაკლი ღარიბაშვილი - ვითომ რელიგიური სამსახურის შექმნით, ზურაბ ჯაფარიძემ ჩაიდინა მავნებლობა, ეს ხარვეზი აღმოიფხვრება, აღარ მივცემთ მავნებლებს ახალგაზრდა თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას
ირაკლი ღარიბაშვილი - ვითომ რელიგიური სამსახურის შექმნით, ზურაბ ჯაფარიძემ ჩაიდინა მავნებლობა, ეს ხარვეზი აღმოიფხვრება, აღარ მივცემთ მავნებლებს ახალგაზრდა თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას

ვფიქრობ, ქვეყანაში არ მოიძებნება პატრიოტი, რომელიც არ წუხს და არ ნერვიულობს „გირჩის“ მოგონილ, მავნებლურ, უმსგავსო, ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ რაღაც პროგრამაზე, რომელიც, რეალურად, ახალგაზრდებს აბნევდა და სთავაზობდა ალტერნატიულ სამსახურს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი, რაც გამორიცხავს არაკეთილსინდისიერი და ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების არსებობის შესაძლებლობებს.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს იყო ფიქტიური, ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური. ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე. არ შეიძლება, ამაზე თვალი დავხუჭოთ. ჩვენი ვალია, ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდეც. აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც მანამდე ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ, დიდი პატივია ამ მთავრობის სხდომაზე მისი გვარის ხსენება, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის და ჩვენი მომავალი თაობის წინააღმდეგ. ამიტომ დაიხურება ეს ხარვეზი, აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ეს ფიქტიური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს პირდაპირ ეუბნებოდნენ, თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას. ამაზე დიდი მავნებლობა და ქვეყნის მტრობა რა შეიძლება, იყოს. ასე რომ, ეს საკითხი მოგვარებულია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.