ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს მაღალ ფასებთან ბრძოლა ე.წ. დაკეტვით, ზედა ზღვარი განსაზღვრეს, ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, იმედი გვაქვს, აქტიურად გაგრძელდება საწვავზე ფასების კლება
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს მაღალ ფასებთან ბრძოლა ე.წ. დაკეტვით, ზედა ზღვარი განსაზღვრეს, ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, იმედი გვაქვს, აქტიურად გაგრძელდება საწვავზე ფასების კლება

ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს მაღალ ფასებთან ბრძოლა ე.წ. დაკეტვით, ანუ ზედა ზღვარი, „ჭერი“ განსაზღვრეს. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, იმედი გვაქვს, რომ აქტიურად გაგრძელდება საწვავზე ფასების კლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ნავთობიმპორტიორებისგან მიიღეს პირობა, რომ საწვავზე ფასები კიდევ დაიკლებს.

„მინისტრებმა ნავთობის ფასების საკითხზე შეხვედრა გამართეს მსხვილ იმპორტიორებთან. აქაც გამოიკვეთა, რომ ის მარჟები, რაც მათ აქვთ დაწესებული, არ იყო გონივრული და მათგან მივიღეთ პირობა, რომ ფასები კლებას დაიწყებს. რეალურად, უკვე დაწყებულია ფასების კლება, 2,40-ზეა უკვე ჩამოსული, თუ არ ვცდები. შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად დააკლებენ საწვავის ფასს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საწვავზე ფასების კლება, პირველ რიგში, ხალხს დაეხმარება და ინფლაციის დონესაც მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„ნავთობზე ფასები არის ძალიან შემცირებული. ჩვენ მათი არგუმენტები მოვისმინეთ, საკითხი შეეხებოდა მარაგების მართვას. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, გავითვალისწინებთ მათ არგუმენტებს, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ რაციონალური და გონივრული მარჟებით არ გაგრძელდება მუშაობა, აქაც გვაქვს გარკვეული ბერკეტები. არ მინდოდა ამის თქმა, თუმცა მთავრობას აქვს ნებისმიერ დროს ბერკეტები, რეგულაციები. ჩვენ შეგვიძლია, დავკეტოთ, მაგალითად, ისე, როგორც ევროპის ქვეყნებში გააკეთეს. დღეს ენერგოკრიზისი არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მსოფლიოში. იმედი გვაქვს და ვეფუძნებით იმ საუბარს, რომელიც გაიმართა, ოპტიმისტური განწყობით დავშორდით. იმედი გვაქვს, კიდევ აქტიურად გაგრძელდება თვის ბოლომდე საწვავზე ფასების კლება“, – აღნიშნა პრემიერმა.