ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. სამუშაო ლანჩი ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა, სადაც მთავრობის მეთაური მიიწვიეს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის დგამს. საუბარი შეეხო პარლამენტისა და მთავრობის მიერ შესრულებულ 12 რეკომენდაციას, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის განისაზღვრა.

ასევე, შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს.

განხილულ იქნა აგრეთვე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში. ხაზი გაესვა, რომ ანგარიში მკაფიოდ ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩებს გააცნო ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ოქტომბრამდე გადადგამს, როდესაც ევროკომისია გამოაქვეყნებს წერილობით ანგარიშს და რეკომენდაციას მისცემს ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

შეხვედრას ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.