ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე
ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, გერმანიის მხარდაჭერას ამ გზაზე, რომელსაც ეწოდება ევროპული ინტეგრაციის გზა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

„როგორც ბატონმა კანცლერმა სულ ახლახან აღნიშნა და ეს ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ, ეს არის ბატონი კანცლერის პოზიცია, იგი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ახლაც დადასტურდა აღნიშნული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, გერმანიის მხარდაჭერას ამ გზაზე, რომელსაც ეწოდება ევროპული ინტეგრაციის გზა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის გზა, რომელიც ჩვენი გასავლელია, მაგრამ ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს და რომელიც აქ ბატონმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – განაცხადა პრემიერმა.