ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, ფასები შემცირდეს და ძირითადი პროდუქტები არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს
ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, ფასები შემცირდეს და ძირითადი პროდუქტები არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს, არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები. ეს ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ხალხზე აისახება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ფასნამატი 70-80, ზოგ შემთხვევებში, 100 პროცენტით არის გაზრდილი და ეს არის მიუღებელი.

„საკითხი ეხება ჩემ მიერ ორი კვირის წინ გაცემულ დავალებას, რომელიც შეეხებოდა სურსათისა და საწვავის ფასებს. ამის თაობაზე არაერთი შეხვედრა გაიმართა. ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები იყვნენ აქტიურად ჩართული. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობა მთლიანადაა ჩართული ამ პროცესში. ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა როგორც იმპორტიორებთან, ასევე დიდ ქსელებთან, ე.წ. რითეილის მფლობელებთან. მინდა, კიდევ ერთხელ ავუხსნა ჩვენს ხალხს და საზოგადოებას, სურათი, რომელიც გამოიკვეთა, არის შემდეგი, რომ ის ინფორმაცია, რაც მე გავაჟღერე, ანუ, ჯამურად, საერთო შეწონილი გამოდის ისე, რომ ფასნამატი არის 70-80, ზოგ შემთხვევებში, 100 პროცენტით გაზრდილი და, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი. ამიტომ ჩვენ ახლა დავიწყეთ აქტიური მუშაობა, თუ როგორ დარეგულირდეს ეს საკითხი. ჩვენ ასევე მოვისმინეთ იმპორტიორების განმარტებები, რომ აქედან, 70-80 პროცენტიდან მათი მოგება არ არის, არამედ ეს, გარკვეულწილად, დამოკიდებულია ე.წ. რითეილის, ანუ ამ დიდი ქსელების ერთგვარ წესებზე, რომლებიც არის მათ მიერ განსაზღვრული და სწორედ ამ წესებთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული, ლეგიტმური კითხვები. ეს წესები არ არის აპრობირებული, ევროპაში ასეთი წესები არ მოქმედებს, ეს საკითხი არის დარეგულირებული ევროკავშირის, ევროპის ქვეყნებში, ზოგადად, მთელ დასავლურ სამყაროში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.