ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში მიმდინარე მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში იმართება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, Dubai Expo-ში, სადაც კონფერენცია იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დახვდნენ.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამიტის გახსნას დაესწრო. სამიტის მონაწილე ლიდერებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანმა, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ.