ირაკლი ღარიბაშვილი - დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, ასეთ ვითარებაში ჩვენი მთავრობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი როლი არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება
ირაკლი ღარიბაშვილი - დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, ასეთ ვითარებაში ჩვენი მთავრობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი როლი არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება

დღეს ქვეყანა და ზოგადად რეგიონი დიდი გამოწვევის წინაშეა. ასეთ ვითარებაში მთავრობის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან მუშაობას.

„მე მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით, მადლობა გადავუხადო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ეს სამსახური კიდევ უფრო სხვა დონეზე გადავიდა, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რითიც სამსახური კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა, ამისთვის მადლობა თქვენ, ბატონო გრიგოლ, და თქვენს ხელმძღვანელობას, ყველას, მინდა, მადლობა გადავუხადო, თითოეულ თქვენს თანამშრომელს. მე ასევე მინდა, აღვნიშნო, და ამის თაობაზე ბატონმა გრიგოლმა ვრცლად ისაუბრა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სამსახურის ეფექტიან მუშაობას. თქვენი როლი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი, მე ასე ვიტყოდი, ვინაიდან თქვენ ახდენთ საფრთხეების შეფასებას, იდენტიფიცირებას, როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციას და აღკვეთას. ასევე, ეს სამსახური ებრძვის ტერორიზმს, კორუფციას და, რაც მთავარია, კიდევ მინდა, გავიმეორო, უმაღლეს დონეზე იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

მოგეხსენებათ, ჩვენ დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, ჩვენი ქვეყანა, მთელი რეგიონი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ასეთი გამოწვევა არ უნახავს ევროპის კონტინენტს და ზოგადად მთელი მსოფლიო წესრიგი არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს, ჩვენი მთავრობის და ამ სამსახურის პირდაპირი როლი, რა თქმა უნდა, არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. მოგეხსენებათ, და თავის გამოსვლაში ეს ბატონმა გრიგოლმა სწორად ახსნა და აღნიშნა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებებისა, ჩვენმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და, რაც მთავარია, ჩვენ სწრაფად ვზრდით ქვეყნის ეკონომიკას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის, მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მოგეხსენებათ, რომ საფრთხეები არის მრავალგანზომილებიანი, გვიწევს გამკლავება ჰიბრიდულ საფრთხეებთან, გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან და ოკუპაციის თანმდევ რისკებთან, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას ზოგადად, ყოველდღიურ რეჟიმში ეს სამსახური იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ამავდროულად ჩვენ შევძელით და ბოლო 10 წელზე მეტია, მოვახერხეთ ის, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა“, – განაცხადა პრემიერმა.