ირაკლი ღარიბაშვილი - დეპოლარიზაცია ვერ შესრულდა უპასუხისმგებლო ოპოზიციის საბოტაჟის გამო, ევროპელ კოლეგებს ვუთხარი, მისი შეცირებისთვის მთავარი ნაბიჯი იქნებოდა კანდიდატის სტატუსი
ირაკლი ღარიბაშვილი - დეპოლარიზაცია ვერ შესრულდა უპასუხისმგებლო ოპოზიციის საბოტაჟის გამო, ევროპელ კოლეგებს ვუთხარი, მისი შეცირებისთვის მთავარი ნაბიჯი იქნებოდა კანდიდატის სტატუსი

ველოდებით გონივრულ, ბრძნულ გადაწყვეტილებას ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, მჯერა, ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე ევროპაში, ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი წამყვანი ქვეყნების ჩართულნი არიან ამ პროცესში, მხარს გვიჭერენ, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც არ შესრულდა უპასუხისმგებლო ოპოზიციის დესტრუქციული საბოტაჟის, ბოიკოტის გამო, ეს არის პოლარიზაციის შემცირება.

„მესამე არგუმენტი, რაც ჩვენ კოლეგებს ვუთხარი არის შემდეგი, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც არ შესრულდა ისევ და ისევ ამ უპასუხისმგებლო ოპოზიციის დესტრუქციული საბოტაჟის, ბოიკოტის გამო, ეს არის პოლარიზაციის შემცირება, დასრულება ალბათ შეუძლებელია, პოლარიზება ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ შემცირებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა სწორედ სტატუსის მინიჭება. მე მათ ვუთხარი, თუ რეალურად არიან დაინტერესებული, და მჯერა, რომ არიან დაინტერესებული, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქვეყანაში, ქვეყანამ, ხალხმა და ჩვენმა მთავრობამ უნდა მიიღოს სტატუსი. ეს არის აუცილებელი, რადგან ერთ-ერთი მთავარი თემა ხელმოცარული ოპოზიციის არის ევროპული პერსპექტივა, ევროპული დღის წესრიგი, რომლისთვისაც მათ არაფერი გაუკეთებიათ, როცა იყვნენ ხელისუფლებაში.

როცა დაიწყო უკრაინამ და მოლდოვამ ასოცირებაზე მუშაობა, მათ შორის უვიზო რეჟიმზე, ჩვენ სამი წლის დაგვიანებით დავიწყეთ. ვკითხეთ მათ, რატომ დაიწყეს ასე დაგვიანებით ეს პროცესი. მათი ბელადი ღიად გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიმართულება უნდა ყოფილიყო სინგაპურიზაცია, არა ევროპეიზაცია, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ მთავარ დღის წესრიგად, მოსვლის დღიდან, არა მხოლოდ გამოვაცხადეთ, არამედ კონკრეტული შედეგები მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას. მათი ამოცანა იყო სინგაპურიზაცია, ეს არა ამის კლასიკური გაგებით, არამედ დამახინჯებული, ფსევდოსინგაპურიზაცია. სინგაპური მართლაც საოცარი ქვეყანაა, მაგრამ  ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინა ხელისუფლებას, რომელიც დღეს გამოდის და თავს წარმოაჩენს, თითქოს ძალიან დიდი პროევროპელები არიან და რეალურად სურთ ქვეყნის ევროპეიზაცია, არაფერი გაუკეთებიათ, ამიტომაც, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი პარტნიორები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. სხვა მიმართულებით გვაქვს სერიოზული მიღწევები, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.