ირაკლი ღარიბაშვილი - დაგეგმილი გვაქვს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ფოთის, დმანისისა და ახალციხის თეატრების რეაბილიტაცია-მშენებლობა, მიმდინარეობს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია
ირაკლი ღარიბაშვილი - დაგეგმილი გვაქვს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ფოთის, დმანისისა და ახალციხის თეატრების რეაბილიტაცია-მშენებლობა, მიმდინარეობს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია

დაგეგმილი გვაქვს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ფოთის, დმანისისა და ახალციხის თეატრების რეაბილიტაცია-მშენებლობა, ასევე, მიმდინარეობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სტადიონებისა და სავარჯიშო მოედნების სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ამ მიზნით თითქმის 100 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

„მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ფოთის, დმანისის თეატრების, ახალციხის თეატრის რეაბილიტაცია-მშენებლობა, ასევე, მიმდინარეობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სპორტის მიმართულებით ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები – ყველა სტადიონის რეაბილიტაცია, შეკეთება, განახლება. ასევე, ვგეგმავთ, გაისად ვუმასპინძლოთ ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სანახაობა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ამ მიზნით გამოყოფილი არის თითქმის 100 მილიონ ლარამდე, მიმდინარეობს სტადიონებისა და სავარჯიშო მოედნების სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რეგიონებში დარჩება უეფა-ს სტანდარტებით გაუმჯობესებული სტადიონები“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.