ირაკლი ღარიბაშვილი -  ჩვენს კორიდორს დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ მივმართავთ ძალისხმევას პორტებზე, ინფრასტრუქტურასა და რკინიგზაზე
ირაკლი ღარიბაშვილი -  ჩვენს კორიდორს დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ მივმართავთ ძალისხმევას პორტებზე, ინფრასტრუქტურასა და რკინიგზაზე

აშენდება ანაკლიის პორტი, აღნიშნული სტრატეგიული ობიექტის მესაკუთრე სახელმწიფო უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის დანარჩენ 49 პროცენტზე გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი.

„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, ჩვენი გადაწყვეტილებით, აშენდება. სახელმწიფო უნდა იყოს მესაკუთრე აღნიშნული სტრატეგიული ობიექტის, ანაკლიის პორტის 51 პროცენტი იქნება სახელმწიფოს კუთვნილება. ფოთის პორტი არის გასხვისებული, ბათუმის პორტი არის გასხვისებული, ჩვენ არავითარი ბერკეტი არ გვაქვს, გარკვეული რეგულაციები მოვახდინოთ ტარიფებთან მიმართებაში თუ სხვა, ამიტომ იმ ფონზე, როცა მსოფლიოს ქვეყნები და, განსაკუთრებით, ცენტრალური აზიის ქვეყნები, თანხმდებიან, რომ აუცილებელია დივერსიფიკაცია, ახალი მარშრუტების დამუშავება, ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებული ყურადღება არის მიმართული ჩვენი კორიდორის მიმართ, ამიტომ აუცილებელია, იყოს გამართული პორტი, პორტები, ინფრასტრუქტურა, რკინიგზა და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებულ ძალისხმევას მივმართავთ და ინვესტიციებს ჩავდებთ. დანარჩენ 49 პროცენტზე, გვინდა, გამოვაცხადოთ საერთაშორისო ტენდერი, ბევრი კომპანია გამოხატავს ინტერესს და უახლოეს რამდენიმე თვეში გაირკვევა შესაბამისი შედეგიც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.