ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სწორი, შედეგზე გათვლილი პოლიტიკით მივაღწევთ ქვეყნის გამთლიანებას, ეს არის ჩვენი საერთო დიდი ოცნება და ეს უნდა იყოს ეროვნული მიზანი
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სწორი, შედეგზე გათვლილი პოლიტიკით მივაღწევთ ქვეყნის გამთლიანებას, ეს არის ჩვენი საერთო დიდი ოცნება და ეს უნდა იყოს ეროვნული მიზანი

ძალიან კარგად გვესმის, რომ მრავალი წელია, ელოდით ბინების გადმოცემას. ყველამ ერთად ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები. კარგად ვიცი, რაოდენ დიდია ის ტკივილი, რომელიც ამ ომმა მოგვაყენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ქვეყნის 20% არის დროებით ოკუპირებული და ეს არის დროებითი ოკუპაცია.

„ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დავკარგეთ ამ ომებში და, რაც მთავარია, დღეს ჩვენი ქვეყნის 20% არის დროებით ოკუპირებული. მინდა, ხაზი გავუსვა, ეს არის დროებითი ოკუპაცია. მჯერა, რომ, ღმერთის დახმარებით, უფლის შეწევნით, ჩვენ ჩვენი სწორი პოლიტიკით, შედეგზე გათვლილი, ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო დიდი ოცნება და ეროვნული მიზანი ეს უნდა იყოს.

ჩვენი პოლიტიკოსების, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში არის ადამიანი თუ პოზიციაში, ხელისუფლებაში, ყველას ამოცანა უნდა იყოს გაერთიანება. ნებისმიერ ადამიანს ვკითხოთ აქ, რა არის თქვენი მთავარი საზრუნავი, საფიქრალი, ხომ არის თქვენი დაბრუნება თქვენს სახლებში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში. მჯერა, ეს დღე აუცილებლად დადგება, რადგან ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა გვაახლოებს ამ დიდ მიზანთან ყოველდღე. მე ამის ღრმად მწამს. მჯერა, ამას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.