ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, თავშივე გულისხმობს, რომ უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, თავშივე გულისხმობს, რომ უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს

ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ისე, როგორც ყველა სფერომ, განათლების სფერომაც ძალიან დიდი ზიანი მიიღო და ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახა.

მისი თქმით, მთავრობის მთავარი ღირებულებები განათლებაზე და განათლებულ საზოგადოებაზეა დაფუძნებული.

„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების განვითარების გრძელვადიან ხედვას. მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ 10-წლიანი განვითარების დოკუმენტზე მუშაობა და პრაქტიკულად, პირველი დოკუმენტი არის უკვე მზად. მე მინდა ძალიან მოკლედ აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად, განათლების და მეცნიერების განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი შვილებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, და ეს ფართოდ არის ცნობილი ყველასთვის, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ისე, როგორც ყველა სფერომ მიიღო ძალიან დიდი ზიანი და პირდაპირი მნიშვნელობით უნდა ითქვას, ნგრევა, განათლების სისტემაც, რა თქმა უნდა, ძალიან დაზიანდა და ზოგადად, ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ მთლიანად ამ სისტემას. მაშინ, როცა ჩვენ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ერი, ყოველთვის ვითვლებოდით და ასე იყო ეს, ფართოდ აღიარებული, რომ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული საზოგადოება იყო ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კატაკლიზმის შედეგად, უდიდესი ზიანი მივაყენეთ განათლების სისტემას, როგორც ერთ მთლიანს, და რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახა აღნიშნული. ყველაფერი უკავშირდება განათლებას და მეცნიერების განვითარებას. ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი, კეთილდღეობა. ჩვენი მთავარი ღირებულებები დაფუძნებულია სწორედ განათლებაზე და განათლებულ საზოგადოებაზე. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი