ირაკლი ღარიბაშვილი - აუცილებელია, აეკრძალოთ უცხოელ მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეების გამოყენება სუროგატ დედებად, რადგან უკონტროლოდ ხდება ეს პროცესი, არ არსებობს არავითარი რეგულაცია   
ირაკლი ღარიბაშვილი - აუცილებელია, აეკრძალოთ უცხოელ მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეების გამოყენება სუროგატ დედებად, რადგან უკონტროლოდ ხდება ეს პროცესი, არ არსებობს არავითარი რეგულაცია   

აუცილებელია, ჩაიკეტოს და აეკრძალოთ უცხოელ მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეების გამოყენება სუროგატ დედებად, რადგან უკონტროლოდ ხდება ეს პროცესი, არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ევროპული სახელმწიფოების გამოცდილების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არცერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არ არის დაშვებული სუროგაცია.

„მე მოვისმინე ძალიან ბევრი პრობლემის შესახებ, რომელიც არსებობს და უკავშირდება სუროგაციის საკითხებს. ჩვენ გამოვიკვლიეთ და შევისწავლეთ თანამედროვე, განვითარებული ევროპული სახელმწიფოების გამოცდილება. აღმოვაჩინეთ, რომ არცერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არ არის დაშვებული სუროგაცია. ჩვენ მიდგომა შევცვალეთ, ასევე სხვა ჰიბრიდული მაგალითებიც დავამუშავეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია, ჩაიკეტოს და აეკრძალოთ უცხოელ მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეების გამოყენება სუროგატ დედებად, რადგან უკონტროლოდ ხდება ეს პროცესი, არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ მიმართულებით, ხდება ბავშვების გაყვანა და ა.შ. ძალიან ბევრი რისკი ახლავს ამ პროცესს. ჩვენ არ ვიცით, ეს ბავშვები სად მიჰყავთ, რა მიზნით მიჰყავთ და ა.შ. ძალიან ბევრი შეკითხვა დაისმის. ამიტომ ეს კითხვები რომ დავაზღვიოთ, ჩვენ არ გვაქვს მანდატი, ჩვენი მანდატი არ ვრცელდება ამ ბავშვებზე, მათ მომავალზე. ჩვენ ვმოქმედებთ პასუხისმგებლობით. ამიტომ გამოვედით ინიციატივით, რომ სუროგაცია დაშვებული იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ძალიან ბევრი წყვილი, მაგალითად, უშვილო წყვილები მიმართავენ ამ მეთოდს და მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, პარლამენტი განიხილავს და მხარს დაუჭერს ამ კანონპროექტს“, – განაცხადა პრემიერმა.