ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ღირსეულად მოვიხადეთ ვალი ყველა მისიაში, იქნებოდა ეს ერაყი თუ ავღანეთის მისია, ყველგან ჩვენი გმირობით, შეუპოვრობით ვაჩვენეთ, რას ნიშნავს, იყო ერთგული პარტნიორი
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ღირსეულად მოვიხადეთ ვალი ყველა მისიაში, იქნებოდა ეს ერაყი თუ ავღანეთის მისია, ყველგან ჩვენი გმირობით, შეუპოვრობით ვაჩვენეთ, რას ნიშნავს, იყო ერთგული პარტნიორი

ჩვენ ღირსეულად მოვიხადეთ ვალი ყველა მისიაში, იქნებოდა ეს ერაყის თუ ავღანეთის მისია. ყველგან ჩვენი გმირობით, შეუპოვრობით ვაჩვენეთ, რას ნიშნავს, იყო ერთგული პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის პირნათელი ყველას წინაშე.

„მინდა, სიამაყით აღვნიშნო და კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, ისევე როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველომ და ქართულმა ჯარმა, ჩვენმა ჯარისკაცებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თავი არ დაზოგა არცერთმა სამხედრომ. ჩვენ ღირსეულად მოვიხადეთ ვალი ყველა მისიაში, იქნებოდა ეს ერაყის მისია, ავღანეთის მისია თუ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩვენი მისია. ყველგან ვიყავით წარმოდგენილი ღირსეულად და ჩვენი გმირობით, შეუპოვრობით, გაუტეხელი სულით ვაჩვენეთ, რას ნიშნავს, იყო ერთგული და ღირსეული პარტნიორი. ჩვენ ეს ღირსეული პარტნიორობა და ერთგულება დავუმტკიცეთ ჩვენს პარტნიორებს, ამერიკელ მეგობრებს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს და მხარდამხარ ვომობდით, ვიბრძოდით, ვიცავდით საერთაშორისო მშვიდობას, ვებრძოდით ტერორიზმს. ამ ბრძოლებში ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა, ჩვენმა მეომრებმა ყველაზე ძვირფასი გაიღეს, საკუთარი სისხლი. 32 გმირი შეეწირა ამ მისიას. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე. ასეულობით ჩვენმა გმირმა ჯარისკაცმა, ჩვენმა ძმებმა გაიღეს ყველაზე ძვირფასი – ჯანმრთელობა.

საქართველო არის პირნათელი ყველას წინაშე. ჩვენ ყოველთვის ღირსეულად ვმოქმედებდით და ღირსეულად ვმოქმედებთ დღესაც. ჩვენ ამაყად წარმოვადგენდით ჩვენს ამაყ, თავისუფლებისმოყვარე ხალხს, ჩვენს ერს და ჩვენს სახელმწიფოს. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა იმედი იმისა, რომ ჩვენი ღვაწლი და თქვენი ღვაწლი სათანადოდ იქნება დაფასებული. ყველა წარმატება, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, გეკუთვნით თქვენ, ეკუთვნის ჩვენს ჯარს, ეკუთვნის ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ჩვენ ვართ მოწოდებული და მოტივირებული, ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელოთ ჩვენი ჯარის ტრანსფორმაციის, გაძლიერების პროცესი. ყოველთვის მადლიერებით აღვნიშნავთ იმ წვლილს და ღვაწლს, რომელიც მიუძღვით ამერიკელ პარტნიორებს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს ჩვენი ჯარის ტრანსფორმაციის, მომზადების პროცესში“, – განაცხადა პრემიერმა.