ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი სრული მხარდაჭერა პოლიციას, ჯარს, ყველა ღირსეულ ოფიცერს, პარტიული მოღვაწეობა ვისაც სურს, უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს პარტიაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი სრული მხარდაჭერა პოლიციას, ჯარს, ყველა ღირსეულ ოფიცერს, პარტიული მოღვაწეობა ვისაც სურს, უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს პარტიაში

სამართალდამცავი უწყებები ყველა კანონდარღვევაზე აკეთებენ რეაგირებას, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი იყო პოლიციელი, ყოფილი პოლიციელი თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის მქონე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, რომ სამეგრელოში ყოფილი პოლიციელების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა და მათი ნაწილი დააკავეს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თუ ვინმე დანაშაულს სჩადის, ყველა აგებს პასუხს, მიუხედავად პროფესიისა.

„თქვენ პირდაპირ, ხელაღებით ამბობთ, რომ ჩაუდეს იარაღი – ამას სჭირდება მტკიცებულებები. პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი უწყებები ყველა კანონდარღვევაზე აკეთებენ რეაგირებას, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი იყო პოლიციელი, ყოფილი პოლიციელი თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის მქონე. თუ ვინმე რამე დანაშაულს სჩადის, ყველა აგებს პასუხს. ეს ძალიან მარტივად. ზოგადად, პოლიციელებთან მიმართებით მკითხეთ. ჩემი პოზიცია არის შემდეგი: ჩემი სრული მხარდაჭერა მთელ პოლიციას, ჯარს, მათ შორის ყოფილებს, ყველა იმ ღირსეულ ოფიცერს, რომელიც ღირსეულად ატარებს თავის მუნდირს. მე მქონდა შემდეგი პოლიტიკა, ვიყავი რა შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ თავდაცვის მინისტრი, ყოველთვის ვეუბნებოდი ჩვენს ოფიცრებს შემდეგს: თქვენ გაცვიათ მუნდირი და ამ მუნდირს სჭირდება ღირსეული ტარება. ვისაც სურს პარტიაში პარტიული მოღვაწეობა, მაშინ უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს ამა თუ იმ პარტიაში. ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ დასმულ კითხვას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რაც მალე მოხდება ასეთი ლუსტრაცია, მით უკეთესი იქნება.

„ძალიან მარტივი, ძალიან კარგია. რაც მალე მოხდება ამ ადამიანების ლუსტრაცია და აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი ჩვენთვის, გაიწმინდება პოლიციაც ასეთი ფსევდოოფიცრებისგან“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.