ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის ელჩს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

„მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და აღინიშნა ჩეხეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ აისახება ევროკომისიის ანგარიშში და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების გაღრმავების აუცილებლობას და ორივე მხარის მზაობას, რომ იმუშაონ ამ მიმართულებით“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში იანა გაშპარიკოვა ესწრებოდა.