ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ სასოლის შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი როლზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის მთავარი პარტნიორია. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების უმნიშვნელოვანეს ჩართულობას ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროკავშირს იმ ძალისხმევისთვის, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვისა და დეესკალაციისკენ არის მიმართული.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეფასებულია, როგორც კონკურენტული და ნათქვამია, რომ ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები.

საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნებაა და 2024 წელს იგეგმება ოფიციალური განაცხადის გაკეთება ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.

ყურადღება დაეთმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტს. განიხილეს აღნიშნული ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების გზები და პერსპექტივები, რომლებიც ორიენტირებული უნდა იყოს პრაქტიკული შედეგების მიღწევასა და ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებაზე.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, როგორც ჰუმანიტარული, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დეოკუპაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად რჩება და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული როლი ენიჭება.

დევიდ სასოლიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი.

ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

დატოვე კომენტარი