ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 30 წელიწადში, რომელიმე ხელისუფლებამ თუ რაიმე გააკეთა ქვეყნის, წინაპრების ოცნების რეალობად ქცევის საქმეში, ვგულისხმობ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ეს არის „ქართული ოცნება“
ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 30 წელიწადში, რომელიმე ხელისუფლებამ თუ რაიმე გააკეთა ქვეყნის, წინაპრების ოცნების რეალობად ქცევის საქმეში, ვგულისხმობ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ეს არის „ქართული ოცნება“

ბოლო 30 წელიწადში, რომელიმე ხელისუფლებამ თუ რაიმე გააკეთა ქვეყნის, წინაპრების ოცნების რეალობად ქცევის საქმეში, ვგულისხმობ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ეს არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინსიტრმა აღნიშნა, დღეს საქართველოს მოქალაქეები მარტივად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე ღირსეულად გადაადგილდებიან ევროპაში.

„ჩვენს ევროპულ მომავალს რაც შეეხება, ამის შესახებ და საგარეო პოლიტიკაზე მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ. ბოლო 30 წელიწადში, რომელიმე ხელისუფლებამ თუ რაიმე გააკეთა ქვეყნის, წინაპრების ოცნების რეალობად ქცევის საქმეში, ვგულისხმობ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ეს არის „ქართული ოცნება“, ეს არის ჩვენი ხელისუფლება. თქვენ იცით ასოცირებული ტრიო. მანამდე იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, სადაც სხვა ქვეყნებიც შედიოდნენ და ბოლოს გამოეყო ეს ჯგუფი, სამი ქვეყანა, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. გუშინაც, დღესაც, მჯერა, ხვალაც, საქართველო იყო და იქნება მოწინავე ადგილებზე ასოცირებული ტრიოს ფარგლებში. მე არ მინდა, ვინმეს შევედარო, მაგრამ მინდა, ფაქტებზე გესაუბროთ.

ჩვენი ორი, სამი თავით წინ ვართ, ვიდრე არიან მოლდოვა და უკრაინა. სხვათა შორის, მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა. დიდი ხანია, აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან, არც ეკონომიკური სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის და არავინ კრიტიკულ სიტყვას არ ეუბნება და მე ეს მხოლოდ მიხარია. მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო, მოლდოვასაც, უკრაინასაც, მთელ ევროპას, მსოფლიოს და ა.შ. ვინმემ თუ რაიმე გააკეთა, ამის თაობაზე კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო და ფაქტებს მოვიყვან, ეს არის „ქართული ოცნება“. ჩვენ დავიწყეთ ასოცირების შეთანხმებაზე მუშაობა 2012 წელს, მაშინ, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს. მანამდე სამი წელი იყო დაგვიანებული და სამი წლის დაგვიანებით დაიწყო წინა ხელისუფლებამ. მათ თუ რეალურად უნდოდათ ქვეყნის ევროინტეგრაცია და ქვეყნის ევროპეიზაცია, მაშინ კითხვას ვსვამ, რატომ დაიწყეს სამი წლის დაგვიანებით ეს პროცესი, როდესაც იმავე მოლდოვას, უკრაინას უკვე დაწყებული ჰქონდათ მუშაობა. მეორე კითხვა მინდა, დავსვა, რატომ დაიწყო წინა ხელისუფლებამ და პასუხი მოსთხოვეთ. აქ არიან ალბათ მათივე მედიის წარმომადგენლები, კითხვები დაუსვით, რატომ დაიწყო იმავე უვიზო რეჟიმზე მუშაობა 2-3 წლის დაგვიანებით. ეს ფაქტებია, იგივე თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ყოფილი ხელისუფლება გამოდიოდა, ამბობდა, რომ მათი მიზანი იყო ქვეყნის სინგაპურიზაცია. დავიწყებული გექნებოდათ დღეს ყოველგვარი ევროპა. დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, ეს ცალკე საკითხია. ქვეყანა იქნებოდა ომში ჩართული.

ასევე, მახსოვს ძალიან კარგად, 2013 წლის თებერვალი იქნებოდა, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი და მაშინდელი ევროკომისარი სესილია მალმსტრომი ჩამოვიდა, შეხვედრა გვქონდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, შემდეგ ჩემთან და ოფიციალურად გადმომცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. რადგან მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ძირითადი თავი შესასრულებელი, ვალდებულების დაახლოებით 70% მოდიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროზე. დავიწყეთ აქტიური მუშაობა, მე მხვდა პატივი წილად, რომ ხელი მომეწერა უკვე ერთ წელიწადში ასოცირების შეთანხმებაზე და ქვეყანა დაადგა რეალურად ევროპეიზაციის, განვითარების გზას. შედეგად, მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროპასთან.

2015 წლის 17 დეკემბერი იქნებოდა, საბოლოოდ დაიხურა, ევროპამ გვითხრა, რომ თქვენ პირნათლად შეასრულეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და ქვეყანა მიიღებს უვიზო რეჟიმს. დღეს ჩვენი მოქალაქეები მარტივად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე ღირსეულად გადაადგილდებიან ევროპაში.

რა იყო წინა ხელისუფლების დროს, მე ძალიან კარგად მახსოვს, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. ვსწავლობდი საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში, შემდეგ დავბრუნდი, მინდოდა ჩემი მეუღლის წაყვანა, ჩვენ დავქორწინდით, მინდოდა, ჩემი მეუღლის  წაყვანა საფრანგეთში, მაგრამ ვერ წავიყვანე. რატომ, მაშინ არ ვიცი, აქ ახალი მომხდარი იყო რევოლუცია, იყო არასტაბილური სიტუაცია და ქართველებს უარს ეუბნებოდნენ ვიზების მიცემაზე. ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. მე ვერ მოვახერხე ჩემი მეუღლის წაყვანა ევროპაში ვიზის გამო. რამდენიმე წელიწადში მაშინდელი ეს ოცნება ვაქციეთ ჩვენს რეალობად. დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დადიან, გადაადგილდებიან უვიზოდ. ეს ვისი დამსახურებაა? ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე უნდა ითქვას, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამსახურება, ვინც ეს ყველაფერი განახორციელა“, –  განაცხადა პრემიერმა.