ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა ჯერ – პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. აღინიშნა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია საქართველოს მიერ თითქმის შესრულებულია. ამ ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კრიტიკული მნიშვნელობა როგორც საქართველოს ევროპული მომავლის, ისე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.

ბელგიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი ვიზიტი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „ევროპალია-საქართველოს“ პროგრამის წარდგენის პარალელურად იმართება. ფესტივალი წელს სრულად ეძღვნება საქართველოს, რაც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ევროპული ისტორიის, იდენტობისა და კულტურის წარმოსაჩენად. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ევროპალია-საქართველოს“ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს იმ ფონზე, როდესაც წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება.

პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოს ფედერალური საჯარო სამსახურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.