ირაკლი ღარიბაშვილი - ბათუმში დისკუსიები გამორჩეული იქნება შედეგით, რადგან ვიმყოფებით ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია 
ირაკლი ღარიბაშვილი - ბათუმში დისკუსიები გამორჩეული იქნება შედეგით, რადგან ვიმყოფებით ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია 

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ნატო-ს ვალდებულებებზე, გაამყაროს აღმოსავლეთ საზღვრები მისი წევრი ქვეყნების შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებით.

როგორც ღარიბაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ასევე, სურთ, ისაუბრონ საქართველოს როლზე რეგიონული სტაბილურობის დაცვასა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ამასთან, თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ დისკუსიები გამორჩეული იქნება თავისი ხარისხითა და შედეგით, რადგან კონფერენცია იმართება ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან კი ბორდერიზაციის პროცესი, დესტრუქციული ქმედებები და დესტაბილიზაციის მცდელობები გრძელდება.

„გვსურს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ ნატო-ს ვალდებულებებზე, გაამყაროს აღმოსავლეთ საზღვრები მისი წევრი ქვეყნების შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებით, ასევე, საქართველოს როლზე რეგიონული სტაბილურობის დაცვაში და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დარწმუნებული ვარ, რომ აქ გამართული დებატები და დისკუსიები განსაკუთრებით აქტუალური და გამორჩეული იქნება ხარისხითა და შედეგით, რადგანაც ვიმყოფებით იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი, დესტრუქციული ქმედებები და დესტაბილიზაციის მცდელობები. ეს არის გეოსტრატეგიული რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის, რადგან: აქ ისტორიულად აღმოსავლეთი ესაზღვრება დასავლეთს; რეგიონი წარმოადგენს მთავარ გზაჯვარედინს განსხვავებული კულტურებისთვის და სხვადასხვა სავაჭრომარშრუტებისთვის; შავი ზღვის რეგიონი წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის საგულისხმო და მზარდი მნიშვნელობის შემადგენელ ნაწილს; საქართველო, როგორც ამ სურათის განუყოფელი ნაწილი და აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, ვითარდება, ძლიერდება და ფოკუსირებულია მიზანზე, გახდეს უსაფრთხოების თანამეგობრობის წევრი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო მოწოდებულია, კიდევ უფრო გააძლიეროს ტრანსფორმაციის პროცესი.

„რათა ჩამოვაყალიბოთ უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი თავდაცვის სისტემა, გავაძლიეროთ ოპერატიული შესაძლებლობები და მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ნატო-სთან, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი. ეს არც თუ ისე მარტივი პროცესია, თუ გავითვალისწინებთ უსაფრთხოების კუთხით არსებულ მზარდ გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, სიამაყით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გავატარეთ წარმატებული რეფორმები დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ამავე დროს, საქართველო საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება. მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთობაშია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს სიძლიერე მდგომარეობს აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებაში, თანამიმდევრულობასა და მდგრადობაში. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მომავალი თაობებისთვის ჩვენ შევქმნით უფრო სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს. დიალოგი, რომელიც მომდევნო ორი დღის განმავლობაში, სესიების დროს და სესიების შემდეგ წარიმართება, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ერთიანი ხედვისა და ძალისხმევის განმტკიცებისთვის. კონფერენციის ფარგლებში, მივესალმები ახალი იდეების განხილვას“ ,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი