ირაკლი ღარიბაშვილი - აზერბაიჯანული მხარე გაკვირვებული დარჩა, რადგან ქართულ მხარეს არასდროს დაუყენებია საკითხი, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით პრეტენზია გვაქვს 1938 წლის რუკაზე
ირაკლი ღარიბაშვილი - აზერბაიჯანული მხარე გაკვირვებული დარჩა, რადგან ქართულ მხარეს არასდროს დაუყენებია საკითხი, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით პრეტენზია გვაქვს 1938 წლის რუკაზე

აზერბაიჯანული მხარე გაკვირვებული დარჩა, რადგან ქართულ მხარეს არასდროს დაუყენებია საკითხი, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით პრეტენზია გვაქვს 1938 წლის რუკაზე, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარჯზე საუბრისას „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო თავისივე ინიციატივით იყენებდა 70-80-იანი წლების რუკებს.

„2019 წელია, მაშინ უკვე პარტიაში დავბრუნდი, წინა წელს ბატონი ბიძინა დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ. მოკლედ მეც პარტიაში ვიმყოფები და მამა კირიონი მირეკავს და მთხოვს შეხვედრას. ბუნებრივია, მე ვხვდები და მიყვება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რაც ხდებოდა და რაც არ ხდებოდა. დიდი გულისტკივილით, დათრგუნული, ძალიან ემოციურად. მთხოვს, რომ იქნებ, ბატონი ბიძინა ჩავაყენოთ საქმის კურსში. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ბატონ ბიძინას სრული ინფორმაცია არ ჰქონდა. ამ შეხვედრიდან ძალიან მალე მე დავინიშნე თავდაცვის მინისტრად. ისევ შევხვდი მამა კირიონსა და ხორბალაძეს. პირველ რიგში, მოვიკითხე რა ხდებოდა. მითხრა, რომ რუკის ორიგინალი ვერ მოიძიეს. 2018 წელს ეს რუკა რომ აჩვენეს აზერბაიჯანელებს, მათ თქვეს, რომ ეს სიახლეა ჩვენთვის. გაკვირვებული დარჩნენ ეს ადამიანები. ქართულ მხარეს არასდროს დაუყენებია საკითხი, რომ პრეტენზია გვაქვს 1938 წლის რუკაზე. წარმოიდგინეთ, ჩვენივე ინიციატივით ვიყენებდით 70-80-იანი წლების რუკებს. მოდით ვთქვათ, რომელიმე ქვეყანა გვაჩუქებს ან დააპირებს, რომ უფრო მეტი ტერიტორია მოგვცეს, რატომაც არ ავიღებთ, ხომ? მარტივად რომ ვთქვათ. ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელები დარჩნენ გაოცებულები, მაგრამ თქვეს, რომ ეს არ არის რუკის ორიგინალი. შემდეგ ითქვა, რომ უნდა გახსნილიყო არქივები და მომხდარიყო რუკების მოძიება, აღმოჩნდა, რომ 200 ათასიანი რუკის ორიგინალი მოსაძიებელი იყო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საზღვრის გარკვეული მონაკვეთებზე კოლექტიურმა სააკაშვილებმა, ადამიანებმა, ვინც ეს ღალატი ჩაიდინა, გამოიყენეს 70-იან, ხოლო გარკვეულ მონაკვეთზე 80-იან წლებში გამოშვებული რუკები.

ღარიბაშვილის განცხადებით, ბაბაქიარის მთაზე, რომელიც დეფაქტო საქართველოს სარგებლობაში იყო, 2006-2007 წელს საზღვარი 1938 წლის 200 ათასიანი რუკით განისაზღვრა, რის გამოც ის აზერბაიჯანის მფლობელობაში მოექცა აღნიშნული სტრატეგიული და ასევე სამხედრო დანიშნულების სიმაღლე.

„მოვიდნენ დავით გარეჯთან, უდაბნოს და ჩიჩხიტურის მხრიდან, პირდაპირ ქედზე გამოატარეს საზღვარი, მაშინ, როდესაც ქედის ქვევით, დაახლოებით 500 მეტრში უნდა გაეტარებინათ. სხვათა შორის, იქ აზერბაიჯანის მხარეს აშენებული აქვს სასაზღვრო პუნქტი, რომელიც ამ რუკით რომ ვიხელმძღვანელოთ, ჩვენ ტერიტორიაზე ხვდება. სწორედ ეს არის საეჭვო და ამ კითხვას ვუსვამთ ჩვენ, რატომ არ იხელმძღვანელეთ 1938 წლის რუკით? მოადგნენ ჩიჩხიტურს და მოადგნენ უდაბნოს. ამის საფუძველზე 2007 წელს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დააყენეს უდაბნოში და მას შემდეგ იწყება მთელი ეს გაუგებრობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.