ირაკლი ღარიბაშვილი - აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მეუფე თეოდორეს ინიციატივით და ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ხორციელდება, მადლობას ვუხდი მათ
ირაკლი ღარიბაშვილი - აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მეუფე თეოდორეს ინიციატივით და ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ხორციელდება, მადლობას ვუხდი მათ

მეუფე თეოდორესთან ერთად, დავათვალიერეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძრის, აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატის, ირაკლი ლაზარაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, ბიძინა ივანიშვილს ფონდ „ქართუს“ და მეუფე თეოდორეს მადლობა გადაუხადა.

„ამ ტაძრის აღდგენა, სწორედ მეუფე თეოდორეს ინიციატივით დაიწყო. მინდა, მეუფეს მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის და მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და „ფონდ ქართუს“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს ამ სამუშაოებს და ძალიან მალე დასრულდება”, – აღნიშნა პრემიერმა.

აწყურის ღვთისმშობლის კათედრალის სრული რეაბილიტაცია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, 2014 წელს დაიწყო.

მე-10 საუკუნის ისტორიული კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მიაწოდა.

მან პრემიერ-მინისტრს კათედრალის რეაბილიტაციის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა და წმინდა გიორგის ხატი აჩუქა.

მეუფე თეოდორემ აღნიშნა, რომ ფონდი “ქართუ” ასევე ახორციელებს აწყურის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.