ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში პრემიერის მასპინძლობით იმყოფებიან. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა და კონგრესმენთა საქართველოში ვიზიტი ქვეყნებს შორის მზარდი თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

კონგრესმენები კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას, დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისთვის.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, არაღიარების პოლიტიკის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მზადყოფნას, არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამ მიზნით, მთავრობა მიესალმება საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების აქტიურ ჩართულობას საარჩევნო პროცესში და მზად არის, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი მიიღოს.

შეხვედრაზე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორად რეგიონში.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის, უწყვეტი პროვოკაციების და „ბორდერიზაციის“ კონტექსტში კონგრესმენების ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყურადღება გამახვილდა  საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სამშვიდობო ოპერაციებში. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ქაბულიდან გადაუდებელი ევაკუაციის პროცესის განხორციელებაში.

დატოვე კომენტარი