ირაკლი ღარიბაშვილი - ასეთი ხალხი ვართ, კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ თუ ამის გამო უნდა, ჩვენ აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ, წარმატებას ვუსურვებთ
ირაკლი ღარიბაშვილი - ასეთი ხალხი ვართ, კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ თუ ამის გამო უნდა, ჩვენ აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ, წარმატებას ვუსურვებთ

„ევროპის სოციალისტური პარტია“ ნელ-ნელა ტრანსფორმირდა და ჩვენი გზები გაიყო. იმავე იდეოლოგიურ ნაწილში, მათ პოლიტიკაში, განცხადებებში, მათ მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული გაერთიანების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის უმსგავსო რეზოლუციას ადამიანზე, რომელმაც ოკუპაცია მოუტანა ქვეყანას, რუსის ჯარი დააბრუნა, 20 პროცენტი ჩააბარა. პრემიერის განმარტებით, ამ და სხვა საკითხებმა „ევროპის სოციალისტური პარტიისა“ და „ქართული ოცნების“ ურთიერთობაში ბზარი გააჩინა.

„რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ, 2015 წლიდან ვართ არა ამ პოლიტიკური გაერთიანების, „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, არამედ ვართ დამკვირვებლის სტატუსით. ჯერ რვა წელი დამკვირვებელი რა უბედურებაა, მაგრამ კარგი, გვერდზე გადავდოთ ეს საკითხი. ეს პარტია, ეს გაერთიანება ნელ-ნელა ტრანსფორმირდა და ჩვენი გზები გაიყო. იმავე იდეოლოგიურ ნაწილში, იმავე მათ პოლიტიკაში, მათ განცხადებებში, მათ მხარდაჭერაში – ნული მხარდაჭერა. იგივე, რეზოლუციები რომ მიიღო ევროპარლამენტმა, სამარცხვინო და უსამართლო, ჩაგვიწერეს, თურმე პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, კაცი, რომელმაც ეს მშვიდობა მოიტანა, გადაარჩინა ქვეყანა. ამ პარტიის დიდმა ნაწილმა, 30-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა უმსგავსო რეზოლუციას კაცზე, რომელმაც ოკუპაცია მოუტანა ქვეყანას, რუსის ჯარი დააბრუნა, 20 პროცენტი ჩააბარა და ათასი უბედურება დამართა ქართველ ხალხს, აწამა და გააუპატიურა, დატანჯა. მაშინ გაჩნდა პირველი ბზარი და მანამდეც უკვე დაწყებული იყო.

მეორე – იქვე ჩაწერეს გვარამია, კეზერაშვილი, მძარცველი კაცი, რომელმაც მთელი ევროპა გაძარცვა, პენსიონრები გაძარცვა და ისევ კეზერაშვილს იცავენ. მინდა, მოვიყვანო კიდევ ერთი ფაქტი, ხომ არ შემახსენებთ, ვინ იყო ინიციატორი იმ ანტიქართული რეზოლუციის – EPP (ევროპის სახალხო პარტია), ანუ „ნაცმოძრაობის“ პარტია, ვინც მაშინ, როცა ევროპას უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება და ჩვენთვის მოენიჭებინა კანდიდატის სტატუსი, რეალურად ანტი, საპირისპირო, საწინააღმდეგო განცხადებას და რეზოლუციას დაუჭირეს მხარი.

მე წავედი ამერიკის რესპუბლიკური პარტიიის შეკრებაზე უნგრეთში, სადაც დადიან ამერიკის პრეზიდენტები და კონგრესმენები, ძალიან ბევრი გამოჩენილი პოლიტიკოსი, და დაგმეს ჩემი მონაწილეობა. მიუძღვნეს ორი განცხადება, თურმე როგორ გავბედე და ამ ეროვნულ, კონსერვატიულ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა, თქვეს, რომ ანტილგბტ რაღაც ფრაზები გამოიყენაო. უკაცრავად, მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა, ასეთი ხალხი ვართ, კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი. თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ, წარმატებას ვუსურვებთ. ასევე, პარტიის თავმჯდომარემ დღეს განმარტა, რომ ჩვენ სხვა პარტიებთან გვექნება კონსულტაციები, დავაკვირდებით. არსებობს იქ იგივე კონსერვატიული გაერთიანება, სხვებიც არსებობენ და სხვა პარტიებთან ვიპარტნიორებთ. ასე რომ, აქ არაფერი ხდება. მგონი, მომწიფდა ეს სიტუაცია. ისინი ამზადებდნენ, ივნისში დააანონსეს, ჯერ როგორ შეიძლება, შეურაცხმყოფელია ხომ ეს დამოკიდებულება, თუ პარტნიორები ვართ და თუ რაღაც კოლეგიალობაზეა საუბარი, გავისაუბროთ, ვილაპარაკოთ, მხარი დაგვიჭირეთ, აგვიხსენით. ამიტომ ეს იყო მიუღებელი. ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის და ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრა, ასეთი დამოკიდებულება, ათმაგად მოვუზღვავთ მათ ყველას. ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, – „შეხვდით თუ არა ბიძინა ივანიშვილს?“ – პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ორ წელზე მეტია, არ უნახავს.

„ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, დატოვონ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები.