ირაკლი ღარიბაშვილი - არავითარი როლი არ გვაქვს ნიკა გვარამიას საქმეში, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიამ გაძარცვა „რუსთავი 2,“ თუმცა, კეზერაშვილისგან განსხვავებით, პატარა მასშტაბია
ირაკლი ღარიბაშვილი - არავითარი როლი არ გვაქვს ნიკა გვარამიას საქმეში, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიამ გაძარცვა „რუსთავი 2,“ თუმცა, კეზერაშვილისგან განსხვავებით, პატარა მასშტაბია

სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ არავითარი როლი არ გვაქვს ნიკა გვარამიას საქმეში, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიამ ექვსი მილიონით გაძარცვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვის საკითხზე.

„გამომიჭირეთ, როგორი კითხვა დამისვით. გვარამიას საქმეზე ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს, ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლებრივი საქმე, რომელზეც თავისი აზრი და შეფასება, გამოძიების შედეგები დაიდო პროკურატურის მიერ, საგამოძიებო ორგანოების მიერ, შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა ეს და მე არც ვიცოდი უზენაესში თუ არის მისი საქმე. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ არავითარი როლი არ გვაქვს ამ საქმეში, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიამ ექვსი მილიონით გაძარცვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, თუმცა, კეზერაშვილისგან განსხვავებით, აქ შედარებით პატარა მასშტაბია. ექვსი მილიონი, თუ არ ვცდები, ეს, რაც ვიცი ტელევიზიით“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, პრეზიდენტის შანტაჟი მიმდინარეობს თუ არა, რომ არ შეიწყალოს ნიკა გვარამია, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „მე ამ საქმეზე ვერ გავაკეთებ, არ გავაკეთებ კომენტარს“.