ირაკლი ღარიბაშვილი - არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ყოველგვარი ეტიკეტის დარღვევაა ვითომ კონსულტაციისთვის ელჩის გამოგზავნა, რომელიც კიევის დაბომბვისას ვაჟკაცურად იკავებდა იქ პოზიციას
ირაკლი ღარიბაშვილი - არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ყოველგვარი ეტიკეტის დარღვევაა ვითომ კონსულტაციისთვის ელჩის გამოგზავნა, რომელიც კიევის დაბომბვისას ვაჟკაცურად იკავებდა იქ პოზიციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის თუ ეტიკეტის დარღვევაა, როცა უკრაინამ თბილისში ვითომ კონსულტაციებისთვის გამოაგზავნა საქართველოს ელჩი, რომელიც დაბომბვების დროს, ბოლო წუთამდე კიევში იმყოფებოდა.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ მხოლოდ საქართველოდან გაიწვია ელჩი, მაშინ როცა არავითარი რეაგირება არ მოუხდენია იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, საიდანაც ხდებოდა რუსეთის თავდასხმები.

„ომის დაწყების შემდეგ ერთადერთი სახელმწიფოსგან გაიწვიეს ელჩი, ეს იყო საქართველო, მაშინ როცა, მე აღარ ჩამოვთლი ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ რუსეთის პოზიციას იჭერდნენ, არავითარი რეაგირება არ გაუკეთებიათ. მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში, საიდანაც ხდებოდა რუსეთის შეტევები და თავდასხმები, დღემდე ჰყავს ელჩი უკრაინას. არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის თუ ყოველგვარი ეტიკეტის დარღვევაა, როცა ჩვენი ელჩი, რომელიც ალბათ ბოლო ელჩი იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში, როცა იბომბებოდა და მთელი ხალხი გავიდა ქალაქიდან, ჩვენი ელჩი იქ იდგა, ვაჟკაცურად იკავებდა პოზიციას. ასეთი კაცი მათ გამოაგზავნეს ვითომ კონსულტაციისთვის თბილისში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.