ირაკლი ღარიბაშვილი - არ ვუპასუხებ პრეზიდენტს ტრიბუნიდან, მინდა, წარმატებული დღე ვუსურვო, დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს პატივისცემისა და გამაერთიანებელი დღე, ეს იქნებოდა ჩემი პასუხი
ირაკლი ღარიბაშვილი - არ ვუპასუხებ პრეზიდენტს ტრიბუნიდან, მინდა, წარმატებული დღე ვუსურვო, დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს პატივისცემისა და გამაერთიანებელი დღე, ეს იქნებოდა ჩემი პასუხი

გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ, მინიმუმ, ამ დღეს ვერთიანდებით და ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების და გამაერთიანებელი დღე. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი, რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნული განცხადება ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა: „არ შეიძლება, არ ვთქვა, რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს, ეს არ არის, რომ მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ჩაიჩოჩე, ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა“.

„რა თქმა უნდა, არ ვუპასუხებ ქალბატონ პრეზიდენტს ამ ტრიბუნიდან. მინდა, მას წარმატებული დღე ვუსურვო. ერთი რამ მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა. ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ყოველთვის ასე მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ ჩვენ, მინიმუმ, ამ დღეს ვერთიანდებით და ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების დღე და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი, რაც შეეხება პროტოკოლის წესებს. მთავრობას ჰყავს ძალიან კვალიფიცური პროტოკოლის სამსახურის უფროსი დავით ზანთარაია. მინდა, მას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა პრემიერმა.