ირაკლი ღარიბაშვილი - არ სიამოვნებთ საერთაშორისო პლატფორმებზე ჩემი საუბარი, თითქოს სააკაშვილი მოვკალით, მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს, ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ძლიერი გადაწყვეტილებით
ირაკლი ღარიბაშვილი - არ სიამოვნებთ საერთაშორისო პლატფორმებზე ჩემი საუბარი, თითქოს სააკაშვილი მოვკალით, მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს, ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ძლიერი გადაწყვეტილებით

კეზერაშვილმა და სააკაშვილმა გაძარცვეს მთელი ბიზნესი, კეზერაშვილმა გაძარცვა ქართული ჯარი, ახლა მთელი ევროპა გაძარცვა, ეს უნდა ვიმეოროთ ყოველდღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რეალურად ასეთი ძარცვა ევროპის მასშტაბით არავის ჩაუდენია.

„დადასტურებულია, რომ ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელის, დავით კეზერაშვილისა და მისი კომპანიების თაღლითური სქემების მეშვეობით. ჩვენ არ მოგვისმენია არავითარი განმარტება, გარდა იმისა, რომ ისევ უსუსური მცდელობები ჰქონდათ, ვიღაცებს რაღაცები გადააბრალეს და ასე შემდეგ, სტანდარტული პასუხი. „ბიბისი“ არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, მაღალსაიმედო ორგანიზაცია. „ბიბისის“ და არა მხოლოდ, გერმანიის გამოძიებითაც დადასტურებულია თაღლითური სქემები. ბოლო ორი წელია, ამ გამოძიებაში ჩვენც ჩართული ვიყავით, ჩავატარეთ ძალიან ბევრი ერთობლივი ღონისძიება თაღლითური სქემების გამოსაძიებლად. ათასობით პენსიონერი გაძარცულია თქვენი მფლობელის, კეზერაშვილის მიერ. თქვენი კომპანია, ოპოზიციური არხები ფინანსდებიან მოპარული ფულით, რომ იცოდეთ, აქედან დავიწყოთ, ეს არის მთავარი. თქვენი ტელევიზია ფინანსდება მოპარული, ნაძარცვი ფულით. მანამდე ამ კაცმა გაძარცვა ქართული ჯარი, დაატერორა ბიზნესი, გაძარცვეს მთელი ბიზნესი მან და სააკაშვილმა, ახლა მთელი ევროპა გაძარცვა. მილიარდი დოლარია მოპარული. ეს უნდა ვიმეოროთ ყოველდღე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, „არ სიამოვნებთ საერთაშორისო პლატფორმებზე ჩემი საუბარი, თითქოს სააკაშვილი ვაწამეთ, მოვკალით, მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს, ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ძლიერი გადაწყვეტილებით“.

„თუ არ ვცდები, მანამდეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დროს აშშ-ში ყოფილი ელჩი, ბატონი იაკობაშვილი იყო ჩართული ამ ახალი ლობისტური კომპანიების მოძიებაში. როგორც დაიქირავა სააკაშვილმა, მისმა დედამ, გახსოვთ, ლობისტური კომპანია და გადაიხადეს ოფიციალურად მილიონი დოლარი მხოლოდ ერთ კომპანიაში, რომ ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი და სხვა ანტიეროვნული, ანტიქართული კამპანია ეწარმოებინათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდგ, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი. ეს არ სიამოვნებთ, რომ მე გამოვდივარ საერთაშორისო პლატფორმებზე და ამაზე ღიად ვლაპარაკობ, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამებთ, მოვკალით, მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს. მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ერთი ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.