ირაკლი ღარიბაშვილი - ანტიკორუფციული ბიურო ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ძირითად ფუნქციას
ირაკლი ღარიბაშვილი - ანტიკორუფციული ბიურო ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ძირითად ფუნქციას

მინდა, აღვნიშნო, რომ ანტიკორუფციული ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რაც ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც გულისხმობს მათ წინაშე ყოველწლიურ ანგარიშგებას.

„ბიუროს უფროსის კანდიდატები შეირჩა დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც აერთიანებდა სახელმწიფო უწყებათა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სწორედ ამ კომისიის მიერ შემოთავაზებული კანდიდატების სიიდან დაინიშნა ბიუროს უფროსი, ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბიურო ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ძირითად ფუნქციას. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ძლიერი კოორდინაციით, ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრა. ბიუროს აქვს ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობისა და სათანადო რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილება. ბიუროს მიერ გაცემული რეკომენდაციები იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერი ანტიკორუფციული პოლიტიკის განმსაზღვრელი მექანიზმი“, – განაცხადა პრემიერმა.