ირაკლი ღარიბაშვილი - ანაკლიის პორტის პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი თუ იქნება, მზად ვართ, სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ
ირაკლი ღარიბაშვილი - ანაკლიის პორტის პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი თუ იქნება, მზად ვართ, სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც წლიური ანგარიშის შემდეგ დეპუტატების კითხვებს პასუხობს, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ ვერ განხორციელდა პროექტი.

საკითხზე საუბრისას ღარიბაშვილმა მამუკა ხაზარაძეს შეახსენა, რომ პროექტთან დაკავშირებით სრულ მხარდაჭერას უწევდა, თუმცა მან განსაზღვრულ დროში ვერ შეძლო ვალდებულებების შესრულება და პროექტის განხორციელება.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ სპეკულაციაა, თითქოს მას პროექტის განხორციელაბაში ხელს უშლიდნენ.

„მამუკაც აქ არის და მინდა, მას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით შევახსენო, რომ ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს გვქონდა არაერთი შეხვედრა. მახსოვს, თქვენ ჩამოგყავდათ თქვენი პარტნიორები, სრულ მხარდაჭერას გიწევდით და გიდასტურებდით ამ პროექტთან მიმართებით. ყველა ტრიბუნიდან, ყველა დონეზე მეც ყოველთვის მხარს გიჭერდით. ყოფილი პრემიერიც და პარტიის თავმჯდომარეც მხარს გიჭერდათ ამ პროექტში. უფრო მეტიც, დაფინანსების შემოთავაზებაც კი გქონდათ მიღებული. თქვენ მოგეცათ გონივრულზე მეტი ვადა, 4 წელი. სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეასრულეთ ვალდებულებები და ეს პროექტი ვერ განხორციელდა. მეტიც, პარლამენტმა ჩაწერა კონსტიტუციაში და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ასევე, ამ ზონას მიეცა სპეციალური სტატუსი, რაც ჩვენი მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯი იყო. უმაღლეს დონეზე გქონდათ მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, 4 წელი არ ვიყავი მთავრობაში და მთავრობის წევრებისგან ვიცი, თქვენ არაერთხელ, 3-ჯერ თუ 4-ჯერ გადაგივადეს, პირველი ფაზაც ვერ შეასრულეთ. სამწუხაროდ, შემდეგ იყო პოლიტიკური სპეკულაციები და საუბარი, თითქოს მთავრობა გიშლით თქვენ და რუსეთის დავალებით ვერ განახორციელეთ აღნიშნული პროექტი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, მზად არიან, სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ.

„დღესაც გიდასტურებთ, თუ აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ, სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. მეტიც, მიწებიც გადმოგეცათ, 100 მლნ დოლარის დაფინანსებაზე მიიღეთ გარანტია საპარტნიორო ფონდიდან. მანამდე დაიხარჯა რამდენიმე ათეული მილიონი ლარიც. აქედან გამომდინარე, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან გაუგებარი და სამწუხაროა, რადგან გაერო-ს ტრიბუნიდან და ყველა პლატფორმაზე გქონდათ სრული მხარდაჭერა. სამწუხაროა, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.