ირაკლი ღარიბაშვილი – აღარ ვაპირებ პოლიტიკურ მასკარადში და არც სასამართლო პროცესში მონაწილეობას, მოსახდენი უკვე მოხდა, ჩემი ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა

18:32, 25.08.2026

აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ღარიბაშვილი წერს, მის ინტერესებს მხოლოდ ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ.

„გუშინ ხელისუფლებამ თავად დაამოწმა ჩემ მიერ წინა კვირას გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობა. საზოგადოებას მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მე ყველაფერი ვცადე და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა ეს პროცესი, მაგრამ აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე.

ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემ წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ.

აქვე ვაცხადებ, რომ ჩემი ამ გადაწყვეტილებით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ — არც პროკურორებს და არც მოსამართლეებს. უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს/მძევალს თქვენი მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ ჩემზე და რა ბრალს წამიყენებთ.

მოსახდენი უკვე მოხდა, ამიტომ, ჩემი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა. ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს!“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

24 აგვისტოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ახალი ბრალი წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი